ლევან დავითაშვილი - ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, გვაქვს შემცირების ტენდენცია, რაც სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და მთავრობის ნაბიჯებთან არის დაკავშირებული
ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს, გვაქვს ინფლაციის შემცირების ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ამისი მიზეზია სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარება და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
„უახლოესი ინფორმაცია, რომელიც ინფლაციაზე გამოაქვეყნა საქსტატმა, გვეუბნება, რომ საქართველოში, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა ინფლაცია და წლიურმა ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. იცით, რომ ინფლაცია სამ პროცენტზე გვქონდა დაგეგმილი. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონე 0.7 პროცენტით შემცირდა და საქართველოში 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და იმ ნაბიჯებთან, რომლებიც მთავრობამ გადადგა. ეს ნაბიჯები უკავშირდებოდა მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა აწარმოებს და კონკურენციის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს აისახა ფასებზე. სურსათის, ნავთობის ფასები შემცირდა მსოფლიოშიც, საერთაშორისო ბაზრებზე. ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია, იმავე ევროზონაში ინფლაცია დაახლოებით 5.5 პროცენტია, თუმცა უფრო ნაკლებად ხდება ინფლაციის შემცირება სხვა ქვეყნებში. ბევრ ქვეყანაში ინფლაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ორნიშნაა, მიუხედავად შემცირების ტენდენციისა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.