ლევან დავითაშვილი - ინფლაცია ყველა მოლოდინით უნდა დასტაბილურდეს, შესაბამისად, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი აღარ გვექნება
ინფლაცია ყველა მოლოდინით უნდა დასტაბილურდეს და შესაბამისად, ჩვენ ინფლაციის ეს მაღალი მაჩვენებელი აღარ გვექნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, FAO-ს ინდექსით ფასები 28%-ით იყო გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ გლობალურად, მსოფლიოში სურსათის ფასი 28%-ით იყო გაზრდილი. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა წვლილია იმ კალათაში, რომლითაც ინფლაცია იზომება. ასევე, ენერგომატარებლები იყო ყველგან გაძვირებული და ა.შ. ამიტომ, ლოგიკური ახსნა აქვს იმას, რომ ასეთი მაღალი ინფლაციის პირობებში მოგვიწია ცხოვრება. ინფლაცია ყველა მოლოდინით უნდა დასტაბილურდეს. პოსტპანდემიური პერიოდი გულისხმობს იმას, რომ ინფლაცია რეალურად უნდა დაბალანსდეს და შესაბამისად, ჩვენ ინფლაციის ეს მაღალი მაჩვენებელი აღარ გვექნება. მოსალოდნელი იქნება, ეროვნულმა ბანკმა მომავალში რეფინანსირების განაკვეთი დაწიოს. ანუ, ფულიც უნდა გაიაფდეს და ამ შემთხვევაში ეს იქნება ერთ-ერთი სტიმული ეკონომიკის განვითარების“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2021 წელი ამ კუთხით გამორჩეული იყო მთელ მსოფლიოში და ჩვენც ერთ-ერთი მაღალი ინფლაცია გვქონდა ბოლო წლებში, თუმცა, რეგიონში ბევრად მაღალი ინფლაცია იყო.
„ჩვენს მეზობელ თურქეთში ინფლაცია დაახლოებით, 80%-მდე იყო და ჩვენც საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვქონდა – 13,5%, მაგრამ ამას აქვს ახსნა. პანდემიამ ჩავარდნები გამოწვია მიწოდების ჯაჭვში, მთელი რიგი მიმართულებებით იყო შეფერხებები, ლოჯისტიკური პრობლემები და ა.შ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის პოლიტიკა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი და სწორი იყო.
„ის პოლიტიკა, რაც ეროვნულ ბანკს ამ შემთხვევაში ჰქონდა, ვფიქრობ, იყო აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი და სწორი. ინსტრუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია საპროცენტო განაკვეთის სახით, არის ერთ-ერთი მთავარი მონეტარული ინსტრუმენტი, რომლითაც ის პასუხობს ინფლაციურ პროცესებს და გამოწვევებს. ის, რასაც ჩვენი ეროვნული ბანკი აკეთებს, არის კლასიკური მიდგომა. საწინააღმდეგო მიდგომამ, რომელიც შეიძლება, ასევე საფუძვლიანი ყოფილიყო, პრაქტიკაში თითქმის, არსად არ იმუშავა, კიდევ უფრო დააჩქარა ინფლაცია და ვერ გადაფარა. ჩვენც რეალისტები ვართ და სიტუაცია უნდა გვესმოდეს, რა წარმოების უნარი გვაქვს, რა ტიპის ეკონომიკა და ა.შ.“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.