ლევან დავითაშვილი - იმ შემთხვევაში თუ კომპანიები სულ მცირე 22 თეთრს გადაუხდიან ვაშლის ჩამბარებელს, ზუსტად 10 თეთრის კომპენსაციას მიიღებენ
წელს ველოდებით 120 ათას ტონაზე მეტი ვაშლის მოსავალს, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონში, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს მთავრობამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ვაშლის მოსავლის დაბინავების შემთხვევაში, გარკვეული ხელშემოწყობი ღონისძიებების გატარებას. ეს გულისხმობს გარკვეული სუბსიდირების პროგრამას. წელს ველოდებით 120 ათას ტონაზე მეტი ვაშლის მოსავალს, ძირითადად, შიდა ქართლის რეგიონში. ამ შემთხვევაში, მთავრობა გარკვეულ ინტერვენციებს ახორციელებს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორია მსოფლიოში საერთაშორისო კონიუნქტურა. წელს მსოფლიოში მოლოდინია, რომ ვაშლის მოსავალი იქნება ძალიან მაღალი, შარშან საკმაოდ მცირე იყო და ფასები იყო მაღალი. იმისთვის, რომ ფერმერებს არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი თავიანთი შრომის შედეგად მოყვანილი პროდუქტი, მთავრობამ მიიღო სუბსიდირების პროგრამა. ეს იქნება ათ თეთრიანი სუბსიდირება კილოგრამ ვაშლზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანიები სულ მცირე 22 თეთრს გადაუხდიან ჩამბარებელს, ისინი მიიღებენ ზუსტად 10 თეთრის კომპენსაციას. თემაა ისეთი, როგორიც გვქონდა ყურძნის შემთხვევაში“,- განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობა ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტსაც დააფინანსებს.
„ასევე, არის მასტიმულირებელი მექანიზმი კომპანიებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საბრუნავ საშუალებებზე, არ მოხდეს სახელმწიფოს ჩარევა კერძო შესყიდვებში და ეს განახორციელონ უშუალოდ კერძო კომპანიებმა, გადამამუშავებელმა კომპანიებმა, რომლებიც ძირითადად აწარმოებებენ ვაშლის წვენის კონცენტრატს. მათ ექნებათ საშუალება, რომ ერთწლიანი საბრუნავი საშუალებების პროცენტი დავუფინანსოთ. ანუ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტის პროცენტი არ იქნება 16 პროცენტზე მეტი, ჩვენ ნახევარს, 8 პროცენტს დავაფინანსებთ. ასეთივე მეთოდი იმუშავებს, იმ შემთხვევაში, თუ იქნება ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. ეს პროგრამა განხორციელდება 15 დეკემბრამდე. სექტემბრისთვის გვეყოლება მობილიზებული სამუშაო შტაბი, ძირითად ეს იქნება გორის მუნიციპალიტეტში, სადაც არის განთავსებული, დაახლოებით ათამდე გადამამუშავებელი ქარხანა. აქაც, დაახლოებით ისეთივე პროცედურებია გაწერილი, როგორიც გვქონდა რთველის შემთხვევაში. კომპანიებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ უწყვეტი ინტერნეტ კავშირი, ჰქონდეთ კამერები, რათა მოხდეს პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებულად ჩატარება“, – განაცხადა დავითაშვილმა.