ლევან დავითაშვილი - გვსურს, უკრაინიდან დევნილ მოსახლეობას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, არა მხოლოდ თავშესაფარი მივცეთ, არამედ ღირსეული პირობები შევქმნათ
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში უკრაინიდან დევნილი 20 000-მდე უკრაინის მოქალაქე იმყოფება. მისივე თქმით, ეს მონაცემები მიახლოებითია და ზუსტი არ არის.
„რაც შეეხება უკრაინიდან დევნილ მოსახლეობას, ჩვენთან რამდენიმე ათასი უკრაინელია, დაახლოებით 20 000-მდე უკრაინის მოქალაქეზე განაცხადა თავად უკრაინის საელჩომ. რა თქმა უნდა, ფიქსირდება შემოსვლებიც და გასვლებიც საზღვარზე, შესაბამისად, დაახლოებით უნდა ველოდოთ, რომ 20 000-ის რანგში იქნება. ზუსტი მონაცემები რთულია, გვქონდეს, რადგან ზოგი ომის დაწყებამდე შემოვიდა და დარჩა ომის პერიოდში. ომის პერიოდში 20 000-ზე მეტი შემოვიდა, თუმცა გასვლებიც არის ქვეყნიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა, რას აკეთებს სახელმწიფო საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად.
როგორც დავითაშვილი ამბობს, სახელმწიფო ცდილობს, არა მხოლოდ თავშესაფრებით დაეხმაროს დევნილებს, არამედ სოციალური დაცვის კუთხით, ღირსეული პირობები შეუქმნას.
„რაც შეეხება, რას აკეთებს სახელმწიფო და დაფინანსების წყაროები. ძირითადად ორი ტიპის დაფინანსება გვაქვს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მუნიციპალური ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები და მეორე არის კერძო სექტორის დონაცია. ამ შემთხვევაში, ალბათ არის დონორების დახმარებებიც. ძალიან რთულია კონკრეტული ციფრები გითხრათ, საბოლოო ჯამში, ეს მონაცემები ალბათ დაკორექტირდება და უფრო სრული სურათი გვექნება, ვინ, რა ნაწილ კონტრიბუციას ახდენს დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების დახმარების კუთხით, თუმცა აქ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი პირობები. ვიცით, რომ ჩვენ დავიწყეთ პირველ რიგში, პროგრამა იმ მოსახლეობისთვის, ვინც ომის გამო ვერ შეძლო დაბრუნება და მოხდა სასტუმრო ხარჯების ანაზღაურება. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან. ასევე იყო მუნიციპალურ დონეზე სხვადასხვა რეგიონში ინიციატივები საცხოვრებელი ფართით დახმარების შესახებ, მათ შორის თბილისის მერიას ჰქონდა პროგრამები. შემდგომში იყო გარკვეული შეღავათები, რომლებიც უკავშირდებოდა მუნიციპალურ სერვისებს, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებას, უფასო გადაადგილებას, ასევე გარკვეული სახელმწიფო სერვისების უფასოდ მიწოდებას, რომელიც ცენტრალიზებულ დონეზე მოხდა. შემდგომში განათლების სამინისტრომ დაიწყო მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის დაფინანსება და სწავლის შესაძლებლობები გაჩნდა დევნილი ახალგაზრდებისთვის. ასევე იყო ინტერესი მათ შორის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების. ამაზე მთავრობამ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო და ჯანდაცვის სამინისტრო უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით, რადგან ბევრი სხვადასხვა ნიუანსია, ბევრი სხვადასხვა დაავადებაა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმ კუთხითაც, რომ არა მხოლოდ თავშესაფარი მივცეთ ამ ადამიანებს, არამედ ღირსეული პირობები შევქმნათ, იმგვარი მაინც, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია სოციალური დაცვის კუთხით. იცით, რომ საქართველო არ არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა, ბევრი ჩვენი ადგილობრივი გამოწვევაც გვაქვს, მაგრამ რაც შეგვიძლია, ამას ნამდვილად გავაკეთებთ უშუალოდ დევნილ მოსახლეობასთან მიმართებით. ჩვენ გვირჩევნია ბევრი ვაკეთოთ და ნაკლები ვილაპარაკოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე: „ხომ არ მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირთან, რათა დევნილების მისაღებად თანხა გამოგვიყონ ისევე, როგორც მოლდოვას“, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს ესაუბრენ, თუმცა ამ ეტაპზე უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად სრულად სახელმწიფო რესურსებს იყენებენ.
„ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი პარტნიორებთან, დონორებთან. ამ მომენტისთვის არ არსებობს რაიმე პაკეტი, რასაც საქართველო იღებს, რომელსაც გამოვიყენებდით. დღესდღეობით სრულად ვიყენებთ არსებულ სახელმწიფო რესურსებს, თუმცა ვნახოთ. თუ გვექნება მეტი რესურსი და მხარდაჭერა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, – აღნიშნა დავითაშვილმა.