ლევან დავითაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას შევძლებთ
დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად გარანტირებული შეიძლება იყოს მომხმარებელი იმისგან, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ არსებული ფასი კონტრაქტშია ჩადებული.
„ჩვენ დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ გრძელვადიანად ვინარჩუნებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას. იმიტომ, რომ საქართველო პატივს სცემს თავის პარტნიორ ქვეყანას, მომწოდებელ ქვეყანას – აზერბაიჯანს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვლება, ჩვენ უფრო გრძელვადიანი, სტაბილური კონტრაქტების ერთგული ვრჩებით. ჩვენი თანამშრომლობა არ არის ერთჯერადი და არ არის ერთ წელზე დაფუძნებული, მრავალწლიანი, სტრატეგიული, გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმისაა და ვფიქრობთ, მეგობარ ქვეყნებთან სწორი, გამჭრიახი და კარგი კომუნიკაცია-კოორდინაციით, შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ამ ძირითადი ენერგომატარებლის სტაბილურ ფასად მოწოდებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას ეფუძნება ხელისუფლების ოპტიმისტური გათვლა, რომ აპრილიდან მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოლოდინი არის რამდენიმე ფაქტორის გამო.
„რეგიონი ახალ გარემოებებზე ადაპტირებას მოახდენს და ბუნებრივია, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ მიწოდების ჯაჭვში მთავარი შეფერხებები გარკვეულწილად აღმოვფხვრათ. კერძოდ, უნდა მოხდეს მიწოდების მარშრუტების, არხების, სატვირთო ნაკადების გადალაგება. ასევე, მომავლის გარიგებები, ანუ ფიუჩერსული გარიგებები ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე არის უკვე დაკლებული ფასებით, მიმდინარე ფასებთან შედარებით და შესაბამისად, თუ ახალი გარემოებები არ იქნა, პროგნოზი უფრო დასტაბილურებისკენაა მიმავალი“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს, რადგან ომით გამოწვეული შოკის ეფექტი გადავლილია და რეალურად, სიტუაცია სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს.
შეკითხვაზე, როგორია საქართველოს სასურსათო მარაგები, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მოწოდების არანაირი პრობლემა არ არსებობს და ქვეყანაში სასურსათო დეფიციტი არ იქნება.
„მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. ჩვენ დავინახეთ, რომ ცრუ ინფორმაციის საფუძველზე პანიკურად იყო მოთხოვნა ამა თუ იმ პროდუქტზე. ამას ობიექტური ფაქტორი რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდებოდა ის, ვინც მარაგებს შეიძენდა, მაგრამ ვხედავთ, რომ დახლები ივსება და პირიქით, იმპორტიორებმა ზედმეტი შეკვეთებიც გააკეთეს. სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ისევ მომხმარებელი ზარალდება. იმიტომ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ფასების სპეკულაციურ ზრდას იწვევს ხოლმე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ბაზრის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს სტრუქტურულად დივერსიფიცირებული და შემდგომში უკვე, ბაზრებზე დამოკიდებულებაც უფრო მეტად იქნება დივერსიფიცირებული.