ლევან დავითაშვილი - გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელ სამი მსხვილი კომპანიის – „კულა“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და „კასპის საკონსერვო ქარხანა“ ხელმძღვანელებს შეხვდა.
მისი თქმით, სამომხმარებლო ბაზარზე საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნაწილი ქართული წარმოებისაა.
„კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მარაგების საკითხი განვიხილეთ. ამ მიმართულებით შეფერხება არ გვაქვს. კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ერთი წლის მარაგები აქვთ და გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაშიც დეფიციტი არ შეიქმნება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საუბარია სურსათის უზრუნველყოფის საკითხებზე, განსაკუთრებულ მექანიზმებზე და ფასების სტაბილიზებაზე, საქმე ეხება ბურღულეული პროდუქციის, ხორბლის ფქვილისა და ზეთის მხარდაჭერას, სხვა შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს, ისე საცალო ქსელს ადგილობრივი წარმოება მთლიანად ამარაგებს.
„აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, სამინისტროში გამართული შეხვედრების მასშტაბები მცირდება“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს ეტაპობრივად, მცირე შემადგენლობით შეხვდება.