ლევან დავითაშვილი - გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ატმის რეალიზაციის პროცესი არც ერთი წუთით არ შეფერხებულა
კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გურჯაანში სოსო გიოშვილის სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა და ატმის დახარისხების პროცესს გაეცნო. შემდეგ კი, ადგილობრივი ფერმერის ატმის ბაღში, ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ჩვენ ვნახეთ სამაცივრე მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისთვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და ასევე მაღალ ფასში მოახდინოს თავისი პროდუქციის რეალიზება. ვნახეთ კრეფის პროცესი, რომელიც ძალიან ინტენსიურად მიდის. ერთი კგ. ატმის ღირებულება საშუალოდ ორი ლარია. ძალიან ბევრი ადამიანია კახეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული და დასაქმებული. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული სეზონი, რომელიც ბოლო წლებში ჩვენ გვახსოვს ატამთან დაკავშირებით არის 2020 წელი. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც გლობალურად შეიქმნა, მათ შორის სამეზობლო ქვეყნებში, ატმის რეალიზაციის პროცესს არ ჰქონია შეფერხება არც ერთი წუთი, ასევე ფასებია მაღალი“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ქალაქ გურჯაანში გახსნილია ატმის რთველის სპეციალური შტაბი. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა. ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს წელს 20 სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს.