ლევან დავითაშვილი - ღონისძიებები დეტალურად გვაქვს გაწერილი იმისთვის, რომ ნაკვეთებში, რომელსაც პატრონი ჰყავს, ფაროსანას გავრცელება ნაკლებად მოხდეს
ნაკვეთის მეპატრონეს ბუნებრივი მოტივაციაც აქვს, მოსავალი მაღალი პროცენტულობით გადაარჩინოს და ისე არ უნდა იქნას აღქმული, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ნაკვეთის მეპატრონეს აქვს პასუხისმგებლობა, წამლობა და სხვა აგრო–ტექნოლოგიური ღონისძიებები, გასხვლა და ა.შ ჩაატაროს, რათა მეტი რაოდენობის, მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღოს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ უნდა მოახდინოს მიტოვებული ნაკვეთების შეწამვლა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ფაროსანა სასოფლო–სამეურნეო მავნებელია, რომელიც სასოფლო–სამეურნეო და ტყის კულტურებს ანადგურებს. ტყეს იცავს ტყის ეროვნული სააგენტო, რომელსაც თავისი სივრცე, პერიმეტრი და პასუხისმგებლობა აქვს, ხოლო სასოფლო–სამეურნეო კულტურებს თავისი პატრონი ჰყავს, რომელიც თუ ნაკვეთს დაიცავს, შედეგს მიიღებს.
„რაც შეეხება პოპულაციის შემცირებას, ამ ნაწილში ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობიდან გავდივართ და არაფერს არ გავაკეთებთ. ღონისძიებები დეტალურად გვაქვს გაწერილი იმისთვის, რომ ნაკვეთებში, რომელსაც პატრონი ჰყავს, ფაროსანას გავრცელება ნაკლებად მოხდეს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, მოუწევს თუ არა მოსახლეობას პრეპარატების საკუთარი ფინანსებით შეძენა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ ნაწილში სახელმწიფოს მიდგომა ერთგვაროვანი უნდა იყოს.
„წამლობა, რომელსაც მოსახლეობა ჩვეულებრივ, სხვა მწერების წინააღმდეგ ატარებს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგაც ეფექტურია და სამართლიანი არ იქნება, თუ პრეპარატები მოსახლეობის ნაწილს დაურიგდება, ნაწილს კი არა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ფართობების მასიურად დამუშავება და კონტროლი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.
“წამლობას მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ლოკალიზებულად, მოზიდულ ადგილებში ჩავატარებთ, რომ პრეპარატების გამოყენების საჭიროება და მავნებლის გავრცელების რისკი ნაკლები იყოს. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, მოსახლეობამ თავის საკარმიდამო ნაწილს თავისით მოუაროს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.