ლევან დავითაშვილი - ღია სივრცეში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ იზღუდება
ღია სივრცეში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არ იზღუდება, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„გარკვეული უხერხულობები ბუნებრივია, გვესმის. ეს უკავშირდება მოსახლეობის გადაადგილებას, მობილობის შეზღუდვას და ბევრ სხვა პრობლემას, რომელიც ზოგადად, კორონავირუსის გამოა წარმოქმნილი, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს, სოფლად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები გააქტიურებულია. ამას ვხედავთ სასუქების და იმ აგროსაშუალებების გაზრდილი რეალიზაციით, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის არის საჭირო. რეგულაციების გამო, რა თქმა უნდა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები უნდა დავიცვათ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების დროს, მაგრამ ამ პირობების დაცვის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ წარიმართება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები საკარანტინო რეჟიმის პირობებში მარნეულსა და ბოლნისში, მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ორ მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვები და პირობები არსებობს.
„კარანტინის შესახებ დადგენილებას თან ახლავს დათქმა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და შს სამინისტრო ერთობლივად ამზადებს საქმიანობათა ჩამონათვალს და კონკრეტულ პროცედურებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმიანობები საკარანტინო პირობებში. აქ, ჩვენ მიერ ძალიან დეტალურადაა გაწერილი ის პროცედურები, რომელიც ბიზნეს ოპერატორებმა უნდა დაიცვან. მათ შორის, ფერმერებმაც და ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო საველე სამუშაოები საკარანტინო მუნიციპალიტეტებშიც შეუფერხებლად განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინარჩუნებს და ააქტიურებს ყველა სერვისს, რომელსაც უწყება ოპერატორებისთვის გასცემდა.
„იმის მიუხედავად, რომ გარკვეული შეზღუდვებია და თანამშრომლები დიდწილად, დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, სერვისები არ შევაფერხოთ და ბიზნეს ოპერატორებს დარჩენილი ეკონომიკური საქმიანობების შეუფერხებლად განხორციელების საშუალება მივცეთ. ამ კუთხით, სამინისტრო არის მობილიზებული, რომ ასეთი სერვისების წყვეტა არ იყოს და მათ შორის, წყვეტა არ იყოს დახმარების იმ პროგრამებში, რომელსაც სოფლის განვითარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად ვახორციელებთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე გრძელდება აგრო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.