ლევან დავითაშვილი - გეგმის მიხედვით, აგარის განახლებულ ქარხანაში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოება ხდებოდეს.
როგორც ლევან დავითაშვილმა აგარის შაქრის ქარხანაზე საუბრისას განაცხადა, გეგმის მიხედვით ქარხანაში რამდენიმე ასეული მოქალაქე დასაქმედება.
„ვხედავთ, რომ მიმდინარეობს აგარის ქარხნის სამუშაოები, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიას, განაახლოს წარმოება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში უნდა წარმოებდეს ადგილობრივი პროდუქცია იმისათვის, რათა ქართული თვითუზრუნველყოფა იგივე შაქრის ნაწილში გაიზარდოს. ჩვენ ახლებური მიდგომა გვაქვს ქართულ წარმოებებს შევუწყოთ ხელი, რათა ქართული პროდუქციით დიდწილად დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად კომუნიკაცია გვაქვს ქარხნის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმა, რომლის მიხედვით უკვე რამდენიმე ასეული ადამიანი შეძლებს, განაახლოს მუშაობა აგარის განახლებულ ქარხანაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აგარის შაქრის ქარხანა 2020 წლის ივნისიდან ამოქმედდება. საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.
შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველი საწარმოა, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე დაიწყებს ფუნქციონირებას.