ლევან დავითაშვილი - გაზსაცავი არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, ეს პროცესი დეტალურ კვლევებს საჭიროებს, რაც მიმდინარეობს და ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა
შვიდ პროცენტს არ აღემატება რუსული გაზის იმპორტი გაზის მოხმარებაში. შესაბამისად, დამოკიდებულება აქ არ არის დიდი. საქართველო უფრო მეტ გაზს მოიხმარს, ვიდრე წინა წელს და ყოველ წელს ეკონომიკის ზრდის პარალელურად ეს მოთხოვნა გაიზრდება. საიდანღაც უნდა შევავსოთ, ალტერნატივები ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რუსულუ გაზისა და გაზსაცავის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, გაზის მომარაგების წყაროები დივერსიფიცირებულია.
„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო სხვადასხვა ხაზიდან მარაგდება გაზით და შესაბამისად ავარიების, დივერსიების ან გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში, მაქსიმალურად ვეცდებით დავაზღვიოთ. თუმცა, გაზსაცავი არის ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოსიძლიერისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, 130 მილიონი იყო გამოყოფილი ამისთვის. თუმცა, პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მოუწია ძირითადი თანხების სხვა მიმართულებით მიმართვა. რა თქმა უნდა ახლა ჩვენ დავიწყეთ უკვე აღდგენაზე საუბარი. რესურსები გვიჩნდება, ამიტომ ეს პროცესი გრძელდება, განხილვის და შესწავლის ეტაპზეა, თუ როგორ შეიძლება სხვა, უფრო ადეკვატური მცირე ზომის პროექტის განხორციელება ახალი დიზაინით. აქ არ იყო მხოლოდ თანხებზე საუბარი. აქ იყო სხვა ბევრ კრიტიკულ კითხვასთან დაკავშირებული საკითხი, როგორიც იყო მათ შორის სეისმოლოგიური სტაბილურობა, გეოლოგია და ა.შ. ამიტომ, ეს პროცესი დეტალურ კვლევებს საჭიროებს, რაც მიმდინარეობს და ჩვენ ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა დავითაშვილმა.