ლევან დავითაშვილი - გასამართლებული ადამიანის სახელმწიფო პოზიციაზე დანიშვნა არამეგობრული ჟესტია, ამას რეაგირება ექნება ჩვენს ელჩთან, თუმცა თანამშრომლობას გავაგრძელებთ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, მაღალი თანამდებობა მიეღო და ხალხის რჩეული ყოფილიყო.
თუმცა, მისივე თქმით, გასამართლებული ადამიანის სახელმწიფო პოზიციაზე დანიშვნა, არამეგობრული ჟესტია.
„ვფიქრობ, რომ ბევრი საუბარი ამ თემაზე ზედმეტია. არაერთი განცხადება გაკეთებულა, ჩვენ დავინახეთ მისი წარუმატებელი მცდელობა, რომ მაღალი თანამდებობა მიეღო და ხალხის რჩეული ყოფილიყო.
ზედმეტია საუბარი ამაზე, ადამიანზე, რომელიც გასამართლებულია, ძებნილია და ხდება მისი სახელმწიფო პოზიციაზე დანიშვნა, ეს არამეგობრული ჟესტია, ამას რეაგირება ექნება ჩვენს ელჩთან, თუმცა თანამშრომლობას გავაგრძელებთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილი ამბობს, ქართული მხარე არ ერევა ოიურიდიულ გადაწყვეტილებაში, რაც უკრაინის სუვერენული უფლებაა, არამედ გულისტიკვილს აფიქსირებს.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ იურიდიულ გადაწყვეტილებაზე, არ ვერევით, ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა ისევე როგორიც საქართველოს გადაწყვეტილებებია. გულისტკივილი აღვნიშნეთ უბრალოდ მეგობარი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე და ეს მორალური თვალსაზრისით არ არის სწორი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილი აბობს, რომ საქართველოს უკრაინიდან საქართველოს ელჩი არ გამოუწვევია.
ამ კომენტარით დავითაშვილმა უპასუხა კითხვას ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩამოვა შექმნილ ვითარებაში ის საქართველოში.
„მე ეს ტექნიკური საკითხი არ ვიცი, საგარეოს მეტი ინფორმაცია აქვს ამაზე. სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო კავშირები არსებობს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე ათასი მოქალაქე დააბრუნა უფრო ქმედითად, ვიდრე სხვებმა. ამიტომ შეგვიძლია ბევრ სხვა გამოწვევას გავუმკლავდეთ. ჩვენ არ გამოგვიწვევია, ეს არის კონსულტაციებზე დაძახება“, – განმარტა დავითაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
მისი თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს.