ლევან დავითაშვილი - გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს
გასაკვირი ის რეაქციებია, რომელიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან მართავს შეხვედრებს. როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების, საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე ბევრი ინიციატივა თუ სურვილი ვერ განხორციელდება.
„ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში. საქართველო და ჩინეთი ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, აქ, პირველ რიგში, იყო ეკონომიკური თანამშრომლობა, ამას სჭირდება ხოლმე და ყოველთვის ლოგიკურად მოჰყვება საპარლამენტო ჯგუფებს შორის თანამშრომლობა, რადგან გვესმის, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებსაც მთავრობები ახორციელებენ, საჭიროებენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, მათ შორის პარლამენტების მხრიდან. ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, რატომ არის საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.