ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვის ომბუდსმენი ანაზღაურებას არ მიიღებს
გარემოს დაცვის ომბუდსმენის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი დევიდ მორისონი ანაზღაურებას არ მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.
გარემოს დაცვის ომბუდსმენის აპარატის შექმნის ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის, რომელმაც თანამდებობაზე გარემოს დაცვის საკითხებში უცხოელი ექსპერტი დევიდ მორისონი წარადგინა.
დავითაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ინსტიტუტი გაამართლებს და გარემოს დაცვის საკითხებს ოპერატიულ რეჟიმში გადაწყვეტს.
„ბატონ დევიდს საქართველოში ბუნების დაცვის მოღვაწეობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ის საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და ანაზღაურებას არ მიიღებს. იგი მზადაა, ამ სფეროში თავისი გამოცდილება და კომპეტენცია ქვეყანას გაუზიაროს. მას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია – აქვს მაღალი ნდობა, როგორც ბიზნეს წრეებიდან, ისე არასამთავრობო გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ეს მაღალი ლეგიტიმაციისა და ნდობის ინსტიტუტი ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის თემატიკის უფრო აქტიურ რეჟიმში გადაწყობას. ის პრემიერ-მინისტრის პირდაპირ დაქვემდებარებაში იქნება. ჩვენ გვაქვს უკვე ამის მსგავსი გამოცდილება – ბიზნესომბუდსმენის ეფექტიანი მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ის პირდაპირ ემორჩილება და პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მთავრობის ხელმძღვანელთან. შესაბამისად, გარემოს დაცვის აქტუალური საკითხებიც შეიძლება ოპერატიულ რეჟიმში გადაწყდეს. ვფიქრობ ომბუდსმენი ამ როლს შეასრულებს“, – განმარტა მინისტრმა.