ლევან დავითაშვილი - გარდაბანში 350-430 მგვტ. სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს კერძო ინვესტორი ააშენებს
გარდაბანში 350-430 მგვტ სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს კერძო ინვესტორი ააშენებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი ინტერესია, ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. ეს ჩვენი ენერგოსისტემის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. როდესაც ვსაუბრობთ განახლებადი ენერგიის პროექტებზე, მათი ინტეგრირება ქსელში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სიმძლავრეები სტაბილური ენერგეტიკული წყაროებიდან. გარდაბნის აღნიშნული პროექტი ამ მიმართულებითაც დაგვეხმარება, რომ ქსელში მეტი განახლებადი ენერგეტიკული პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალ 350-430 მგვტ სიმძლავრის მქონე კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს კერძო ინვესტორი ააშენებს. ამ მიზნით, გასხვისდება შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“-ში სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი 100%-იანი წილი. წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით, კორპორაციის საიტზე გამოცხადდება აუქციონი დაინტერესებულ კომპანიათა წინადადებების მისაღებად და კორპორაცია განახორციელებს აუქციონის ჩატარებას ამ მიზნით შექმნილი კომისიის მეშვეობით.
„ახალი სადგურის წმინდა ეფექტურობა არანაკლებ 56 პროცენტი უნდა იყოს. გარდა ამისა, კერძო ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი ერთი მგვტ-ისთვის, გარანტირებული სიმძლავრის ტარიფი ისაზღვრება კაპიტალური დანახარჯების შესაბამისად. მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგია მაქსიმალურად დაბალ ფასად მივიღოთ,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, გარდაბნის „თბოსადგური 3“ ექსპლუატაციაში არაუგვიანეს ოთხ წელში უნდა შევიდეს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.