ლევან დავითაშვილი - განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალისა და პერსპექტივის მქონეა, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია
ლევან დავითაშვილი - განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალისა და პერსპექტივის მქონეა, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია

დღეს, ყველგან განსაკუთრებით აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ამიტომ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ეთმობა, გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან. ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა. შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი დღეს განახლებადი ენერგიების საინვესტიციო კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც აქცენტი საქართველოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების და განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროების ეფექტურად ათვისების საკითხებზე გააკეთა, მათ შორის ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.

„ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში – თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტურად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ განიმტკიცოს ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს. რა თქმა უნდა, ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, რომ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თბილისში მიმდინარე საერთშორისო კონფერენციაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტის – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა, ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი განსაკუთრებით აქტიურია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გაფორმდა 68 მემორანდუმი, 700 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა მოაზრებული და დაახლოებით 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ის დამატებითი გენერაციის პროექტებია შეთანხმებული. ლევან დავითაშვილი აღნიშნული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა თანმიმდევრული პოლიტიკა, სექტორის მხარდაჭერა და ის რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების, ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში ტარდება, ვფიქრობ, პროგნოზირებადს ხდის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ამ და სხვა ახალი პროექტების რეალიზებას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.