ლევან დავითაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა
ლევან დავითაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოსა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის.

„დადებითად შეფასდა საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკა, რომელიც ერთ-ერთი მაღალია რეგიონში. აღინიშნა, რომ 2022 წლის განვლილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.4%-ით გადააჭარბა და 476.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ითქვა, რომ დარგში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები განაპირობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეფექტიანმა აქტივობებმა პოტენციურ სამიზნე ბაზრებზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს და ამ მიმართულებით გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის შესაძლებლობას. აღინიშნა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა მხარეებს შორის დარგში განათლების ხარისხის ამაღლების, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.