ლევან დავითაშვილი - გადაწყდა „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლაში დამატებით ქართველი ექსპერტებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ
გადაწყდა „ნამახვანჰესის“ პროექტის შესწავლაში დამატებით იმ ქართველი ექსპერტებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად რიონის ხეობის მცველებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, როგორც პარლამენტში, როგორც სხვადასხვა შეხვედრისას აღინიშნა, ჩვენ მივყვებოდით კანონმდებლობას და ვხელმძღვანელობდით მაქსიმალური პასუხისმგებლობით, თუმცა იმის გამო, რომ იყოს მეტი ნდობა და მოსახლეობის ჩართულობა იყოს მეტი, დაისვა კითხვები და გვესმის, რომ პროექტი არის საკმაოდ სპეციფიკური, განსაკუთრებული მასშტაბის, საკმაოდ დიდი პროექტია და აქედან გამომდინარე, შეიძლება, ჩვენი მიდგომები იყოს შედარებით არაორდინალური. ამ შემთხვევაში არის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს დამატებით ქართველი ექსპერტების, ქართული საექსპერტო კომპანიებისა თუ სამეცნიერო ინსტიტუტების ჩართულობას, იმ ექსპერტების მონაწილეობას, რომლებიც ასევე დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან, რადგან სარგებლობენ მოსახლეობის მხრიდან ნდობით და ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის მხრიდან ნდობა არის უპირველესი და ძალიან მნიშვნელოვანი. პროცესს მივესალმებით, რადგან მოხდეს გარკვეული შეფასებების, შესწავლის, კვლევების დამატებით შეფასება სამუშაო პროცესში და რაც ყველაზე მგრძნობიარე საკითხები იყო, რომლებიც უკავშირდებოდა ხეობაში უსაფრთხოების მიმართულებებს, ეს იყო ძირითადად კაშხალი და წყალსაცავი, ძირითადი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, ესეც მოსახლეობის ინტერესებშია პირველ რიგში, როგორც ჩვენ გვესმის. ეს საკითხები გვესმოდა შეხვედრებზე და ამ მშენებლობის პროცესი გადაიწევს, ვიდრე არ მოახერხებენ ქართველი ექსპერტები, ანუ ის გუნდი, რომელიც პროცესში ჩაერთვება, დამატებითი ვალიდაციის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის შეფასებითვე, დღევანდელი შეხვედრის ფორმატი არის უკვე განახლებული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ეტაპი.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი ფორმატი არის ჩვენს შორის უკვე განახლებული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ეტაპი. როგორც ჩვენ წინა კვირებში დავგეგმეთ, ვთქვით, რომ რამდენიმე შეხვედრა გვექნებოდა და ეს გაგრძელდებოდა სხვადასხვა ფორმატში. მათ შორის ისეთ ფორმატში, როგორშიც დღეს ვართ წარმოდგენილი, რომელიც საშუალებას მისცემს უკვე ორივე მხარის ექსპერტებს, ისაუბრონ კონკრეტულ თემებზე, რადგან აქამდე ჩვენ ვხედავდით, რომ ემოცია ხშირ შემთხვევაში შეხვედრებზე ჭარბობდა. მაგრამ, როდესაც ერთი მაგიდის გარშემო ორივე სამინისტროს წამყვანი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, ვფიქრობ, მეტი საშუალება გვაქვს, ვისაუბროთ უკვე კონკრეტულ დეტალებზე და უფრო შედეგიანი და საქმეზე ორიენტირებული იყოს დღევანდელი შეხვედრა. ასე რომ, მე დღევანდელი შეხვედრის იმედი მაქვს. ალბათ, ბევრ საკითხს გავარკვევთ და ასევე დავსახავთ იმ შემდგომ ნაბიჯებს, რომელიც პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.