ლევან დავითაშვილი - ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების, ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით
გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს. დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ხელი მოეწერა აღნიშნული კომპანიის დაფუძნებას, რაც მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგია შუა დერეფანში კოორდინაციისა და ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ასეთი სინქრონიზებული ოპერაციებით და მეტი კოორდინაციით კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების, ასევე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. გამოვყოფ შეთანხმებას კატარის სახელმწიფოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მეზღვაურებს, მათი კვალიფიკაცია იყოს აღიარებული კატარის სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ყველაზე მსხვილი ფლოტი აქვს ქართველების სპეციალიზაციით. ეს ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მისცემს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.