ლევან დავითაშვილი - ფაროსანას თემის ზედმეტი პოლიტიზება მოსახლეობაში უიმედობას ნერგავს
ლევან დავითაშვილი - ფაროსანას თემის ზედმეტი პოლიტიზება მოსახლეობაში უიმედობას ნერგავს

აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აზიური ფაროსანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს მავნებელი არსებობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2017 წელს ჩატარებული საკომუნიკაციო კამპანიის შედეგად, მოსახლეობას ფაროსანას პრობლემის მოგვარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სპეკულაცია იმაზე, რომ ეს არის მწერი, თუ რა ტიპის გამოწვევაა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ტრიბუნიდან, ამ კომიტეტში და არა მხოლოდ, ნებისმიერ სხვა ფორმატში. პირადად მე არაერთხელ დავაფიქსირე, თუ რა ტიპის და რა მნიშვნელობის გამოწვევა გვაქვს აზიური ფაროსანას კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება, მოსახლეობას აბნევს.

„როდესაც განვაცხადე, რომ ეს საკითხი სამწუხაროდ არის პოლიტიზებული, განვარტავ, რას ვგულისხმობ ამ საკითხში. ხშირ შემთხვევაში, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც უკავშირდება აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, სახელმწიფო სტრატეგიას თუ მიდგომებს, ვფიქრობ, რომ მოსახლეობას აბნევს. ეს არ უნდა იყოს პოპულიზმის და ასეთი ტიპის პოლიტიკის საგანი, თორემ,  რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენ უიმედობა არ უნდა დავნერგოთ მოსახლეობაში. ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ გაატაროს ღონისძიებები და ატარებს. ამისთვის გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, რომ თითო სანიტარული სამსახურის შესაძლებლობები გაზრდილიყო, რომ უკეთესი კომუნიკაცია მოვახდინოთ მოსახლეობასთან, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომ იყოს მეტი კოორდინაცია და მოსახლეობას სწორი, კომპეტენტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფაროსანასთან დაკავშირებით მოსახლეობას სურს, მიიღოს კომპეტენტური პასუხი კომპეტენტური წყაროებისგან და სპეციალისტებისგან, რადგან ეს ტექნიკური საკითხია.

„მოსახლეობას სურს, მიიღოს კომპეტენტური პასუხი კომპეტენტური წყაროებისგან და სპეციალისტებისგან, ვიდრე ინსტენსიური ჩართულობა პოლიტიკოსების მხრიდან, ეს აბსოლუტურად ტექნიკური საკითხია. ვერ დაგვარწმუნებთ, რომ სამთავრობო გუნდზე მეტად გული შესტკივა მოსახლეობაზე რომელიმე პარლამენტარს ან აქტივისტს. ამიტომ გადავიტანოთ ეს თემა საქმიან ნაწილში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ზედმეტი პოლიტიზება თემას ვნებს და ასეთი ტიპის კომუნიკაციით მოსახლეობაში უიმედობა ინერგება.

„პირდაპირ ვამბობ, რომ პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ ჩვენს განცხადებებებზე და ზედმეტი პოლიტიზება თემას ავნებს. ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ თემის ასეთი ტიპის კომუნიკაციით ვნერგავთ მოსახლეობაში უიმედობას, რომ აზიურ ფაროსანას არ ეშველება. როდესაც ვსაუბრობთ და გადაგვაქვს თემა სპეციალისტების მიდგომიდან სხვა ჭრილში, ამ შემთხვევაში, ვნერგავთ უიმედობას. ჩვენი კომუნიკაცია მიმართულია, რომ მოსახლეობას გავუჩინოთ იმედი.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანასთან დაკავშირებით 8-9 მარტს საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება.

„ჩამოდის ყველა წამყვანი სპეციალისტი ამერიკიდან, ჩამოდიან ყველა მეზობელი ქვეყნის ფიტოსანიტარული სამსახურების ხელმძღვანელები, რადგან ერთობლივი ძალებით, მათ შორის კოორდინაციით რეგიონში, საქართველოს მეტი გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება იყოს გაზიარებული და ვიყოთ ეფექტიანი ამ ბრძოლის ღონისძიებებში.

რაც შეეხება 2017 წელს, ჩვენ არ ვიქნებოდით იდეალური ჩვენს ღონისძიებებში, ალბათ 2018 წლის ბოლოსაც აღმოვაჩენთ ისეთ რამეს, რომელსაც 2019 წელს გავაუმჯობესებთ. ეს არის უნიკალური გამოცდილება, რომელიც ნებისმიერ მავნებელთან ბრძოლის კუთხით გვიგროვდება და ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. კონკრეტულ გეოგრაფიაში, კონკრეტულ არეში ჩვენ უნდა დაგვიგროვდეს ჩვენი გამოცდილება და ეს უნდა იყოს მუდმივად გამოხატული ჩვენს ღონისძიებებში, რომელიც უნდა უმჯობესდებოდეს. ჩვენ დავეფუძნეთ მთლიანად საერთაშორისო გამოცდილებას სხვა ექსპერტებისას, რომელიც არსებობდა ამ კუთხით აშშ-ში, თუმცა საქართველოს გეოგრაფიაში არსებობს რაღაც მომენტები, რომელიც საჭიროებს კორექტირებას, რაც 2018 წელს არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.