ლევან დავითაშვილი - ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად ბევრი რამ კეთდება, ევროპა საქართველოს მთავარი ინვესტორი იყო შარშან, ევროკავშირის ინვესტიციებზე მოდიოდა 49% სრული ინვესტიციებიდან
ლევან დავითაშვილი - ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად ბევრი რამ კეთდება, ევროპა საქართველოს მთავარი ინვესტორი იყო შარშან, ევროკავშირის ინვესტიციებზე მოდიოდა 49% სრული ინვესტიციებიდან

ჩვენ მუდმივად გვაქვს დახმარება ევროკავშირის მხრიდან. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესშიც, იმ პირობებთან ერთად, რაც ასოცირების ხელშეკრულებამ განსაზღვრა, მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარება საგრანტო კუთხითაც მიიღო საქართველომ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, დახმარების პროცესი გაგრძელდება.

„ჩვენ გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირს გააჩნია კონკრეტული ფონდები და კონკრეტული ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ წახალისდეს სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულება და რეფორმა, მათ შორის ენერგეტიკული რეფორმები. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება ამ კუთხით. რაც შეეხება ევროპული ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად ბევრი რამ კეთდება. ევროპა საქართველოს მთავარი ინვესტორი იყო შარშან, ევროკავშირის ინვესტიციებზე მოდიოდა 49% სრული ინვესტიციებიდან. საქართველოში შარშან გვქონდა რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ორ მლრდ დოლარს გადააჭარბა. მიმდინარე წელსაც ვხედავთ, რომ ტენდენციები არის ძალიან დადებითი და კიდევ უფრო ზრდა გვაქვს შარშანდელ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„თითქმის ნახევარია ევროკავშირიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი არის ზუსტად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. Ასე რომ, ჩვენ მომავალშიც ველოდებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. რა თქმა უნდა, ამას განაპირობებს ის ხელსაყრელი ბიზნესკლიმატი და ბიზნესგარემო, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მე-7 ადგილზეა მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ასევე „ოისიდის“ რეიტინგით საქართველო არის მე-8 ადგილზე, სადაც ყველაზე მეტად მიესალმებიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და შემზღუდავი ფაქტორები არ არსებობს. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის კომპლექსური რეფორმების შედეგი. მე ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ მეტ ინვესტიციას, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ენერგეტიკის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად ჩვენ დღეს განვიხილეთ სახელმწიფოს განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, ე.წ. სიეფდი მექანიზმი, რომელიც კონკურენტულ პირობებში არჩევს პროექტებს და საფასო მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს მხრიდან, გარანტიებს ქმნის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს კარგი სტიმული იქნება, მათ შორის, ევროპელი ინვესტორებისთვის. ასევე, ის, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპულ ბაზარს, რა თქმა უნდა, მეტი მოტივაციაა ევროპული ენერგეტიკული კომპანიებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, რადგან, საბოლოოდ, ეს არის პროგნოზირებადი გარემო, სადაც თამაშის წესები გარკვეულია“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ევროპის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები მჭიდრო დიალოგში არიან საქართველოსთან.

„ახლა არ მინდა, წინასწარ გავაჟღერო, ვიდრე ჩვენ გვექნება შეთანხმებები, მაგრამ ევროპის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები მჭიდრო დიალოგში არიან ჩვენთან მნიშვნელოვანი მსხვილი ჰიდროპროექტების, ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით, რადგანაც ეს არის სამუშაო, ტექნიკური პროცესი, მე ამაზე მეტ ინფორმაციას დღეს ვერ მოგაწვდით, მაგრამ უახლოეს ხანებში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია როგორც ინვესტორის, ისე პროექტის პროგრესის შესახებ“, – განაცხადა დავითაშვილმა.