ლევან დავითაშვილი - ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას
ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს არა მარტო ევროპის, არამედ სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას.
ამასთან, მინისტერიალის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე.
„ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ. მწვანე ენერგიაზე გადასვლა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიმდინარეობს განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ვახორციელებთ ახალ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.