ლევან დავითაშვილი - ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის, ეს არის ახალი საორიენტაციო ნიშანი და საქართველოს ეს არჩევანი ურყევია
საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის არჩევანის ერთგული და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროში, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ფორუმის მასპინძელ ჩეხეთის მთავრობის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობისთვის. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობის რეალისტური პერსპექტივა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს არის ახალი საორიენტაციო ნიშანი და საქართველოს ეს არჩევანი ურყევია.
„კარგად ვიცით, რომ ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი კონვერგენციის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები ევროკავშირთან ჩვენი საერთო დღის წესრიგის ფარგლებში. მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევის ჯილდოდ საქართველოს რაც შეიძლება მალე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაგრძელებთ AA/DCFTA-ს ეფექტურ განხორციელებას, ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის არის ჩვენი ამბიციური რეფორმების სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგში წარმატების მისაღწევად, ევროკავშირის მუდმივი დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ახლა, როგორც გაფართოების პაკეტის ნაწილი, ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ სრულად ვისარგებლოთ გაწევრიანების წინა ინსტრუმენტით (IPA)“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გახსნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განხილვის პროცესში ჩასართავად ყველა მონაწილე და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მხარეებმა უნდა იმუშაონ რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს და ბიზნეს კავშირებს.
ლევან დავითაშვილის ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და ჩეხეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან.