ლევან დავითაშვილი - „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ფორუმზე ჩვენი მიწვევის იგნორირება უპასუხისმგებლო იქნებოდა იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩინეთთან გვაქვს
საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ფარული დიალოგი ჰქონდეს .
„ერთი გზა ერთი სარტყელის“ ფორუმი არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში ფიზიკურად მონაწილეობდა ყოველ ჯერზე, ფორუმის არსებობის დღიდან. ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია – თითქმის ყოველთვის, ამ ინიციატივის არსებობის დღიდან. ვინმეს თუ უნდა წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით საქართველოს ინტერესებს აზიანებს და ფარულ დიალოგშია, როგორი არასწორი ინფორმაციაც იყო გავრცელებული საზოგადოებაში, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასე არ არის. საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. თუ გვსურს, თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მტერია, დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რათა საქართველოს ინტერესებს მოვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ. ამ ინიციატივაში, როგორც ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ისე ბევრი ქვეყანა იყო ფორუმზეც წარმოდგენილი. 150 ქვეყანა იყო წარმოდგენილი და ეს იყო სხვადასხვა დონეზე. ზოგ შემთხვევაში, იყვნენ სახელმწიფოს მეთაურები, ზოგ შემთხვევაში – მინისტრები ან ამა თუ იმ ქვეყნის ელჩები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტმა მიიწვია და ამ მოწვევის იგნორირება უპასუხისმგებლო იქნებოდა.
„ევროკავშირის ათამდე ქვეყანა იყო წარმოდგენილი ფორუმში. შეიძლება, სახელმწიფოს მეთაურების სახით არა, მაგრამ იყვნენ ქვეყნის წარმომადგენლები და ეს ოფიციალურად არის ფორუმის პროტოკოლებში დაფიქსირებული. ამავე დროს, 150 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორები, ქვეყნები, რომლებთან თანამშრომლობაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პრეზიდენტ სი ძინ პინის პირადი მოწვევა. მისი მოწვევა ფორუმზე, მათ შორის კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა უმაღლეს დონეზე იყო მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა, გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც დღეს ჩინეთთან გვაქვს, იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.