ლევან დავითაშვილი - ერთ დღეში 50 000 დამატებით დასაქმებულს ვერ მივიღებთ, მაგრამ პროცესი დაიწყება მარტიდან და გვაქვს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დასაქმების მოლოდინი
ლევან დავითაშვილი - ერთ დღეში 50 000 დამატებით დასაქმებულს ვერ მივიღებთ, მაგრამ პროცესი დაიწყება მარტიდან და გვაქვს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დასაქმების მოლოდინი

რა თქმა უნდა, პირველ მარტს 50 000 დამატებით დასაქმებულს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს პროცესი დაიწყება მარტიდან და გვაქვს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დასაქმების მოლოდინი, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ბევრი ადამიანი დასაქმდება ასევე კერძო სექტორში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაინც ადამიანების კერძო სექტორში დასაქმება, კიდევ უფრო უკეთესი პირობებით. რა თქმა უნდა, ეს მყისიერად ვერ იქნება, ერთ დღეში და პირველ მარტს 50 000 დამატებით დასაქმებულს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს პროცესი დაიწყება მარტიდან და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ დაახლოებით, ეს მოლოდინები გვაქვს, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დასაქმების. კერძო სექტორში დასაქმების აქსელერაციაზეც ალბათ, ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ. მათ შორის, მეორე ინიციატივა, რაც პრემიერმა განაცხადა, ეს იყო სამშენებლო სექტორის წახალისება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ სამშენებლო სექტორი, რას გულისხმობს ამ სექტორის წახალისების ინიციატივა და რა ვადაშია წარმოდგენილი ეს ყველაფერი, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც დიდწილადაა დაკავშირებული ადგილობრივ წარმოებასთან, გარკვეული კომპეტენცია-კვალიფიკაცია ამ კუთხით გვაქვს და ამ პოტენციალის გამოყენება უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე სხვა სექტორების, სადაც კომპეტენციების ზრდას უფრო მეტი დრო სჭირდება, რაზეც ასევე მიდის მუშაობა.

„ამ შემთხვევაში მშენებლობა სწრაფ შედეგს გვაძლევს. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მოსახლეობასთან და გასაუმჯობესებელი გვაქვს, როგორც კომუნალური ინფრასტრუქტურა, ისე საჯარო ინფრასტრუქტურა. ეს ვალდებულებები წლებია, მოჰყვება სახელმწიფოს, ხელისუფლებას და ყველა ხელისუფლება გარკვეული დოზით ცდილობს ამის გაუმჯობესებას, მაგრამ რამდენადაც სახელმწიფოს რესურსები შეზღუდულია, ამას შეიძლება, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია, ამ პროცესების დაჩქარებით დამატებით, საკმაოდ დიდი მოთხოვნა შევქნათ კერძო სექტორისთვის, რაც კერძო სექტორს გაააქტიურებს. ეს მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ბიზნესი წახალისდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური გუნდის ამოცანაა, მდგრადად განავითაროს და ხელი შეუწყოს იმ დარგების განვითარებას, რომლებიც მდგრადად აგენერირებს კერძო სექტორიდან მოთხოვნას, მათ შორის, სამშენებლო მიმართულებით და ა.შ.

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მომავალში სამუშაო ადგილები აღარ იკარგებოდეს და მოსახლეობას ჰქონდეს სამუშაო ადგილები ამ ქვეყანაში. ჩვენ არც ისე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ვართ და ვფიქრობ, გამჭრიახი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკით ბევრ რამეს შევძლებთ. გვესმის, რომ ძალიან ბევრია გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენ ეკონომიკაზე, რამდენადაც ის პატარა ეკონომიკაა, ხშირად ახდენს ხოლმე გავლენას. გვესმის, რომ დღესაც, იგივე გეოპოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია და გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ ზუსტად ამ შემთხვევაში, როდესაც კონიუნქტურა საკმაოდ რთულია, ვფიქრობთ, შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაზე აქცენტი არის სწორი. ეს არის პრემიერ-მინისტრის მთავარი ხედვა, მისი მოწოდება, პირდაპირ დავალება ჩვენთვის, ეკონომიკური გუნდისთვის და ამაზე ეკონომიკის სამინისტროს ადეკვატური პასუხი ექნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.