ლევან დავითაშვილი - ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს
ლევან დავითაშვილი - ენერგოსექტორში ორ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა არსებობს

საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციირებით, განახლებადი ენერგიის ათვისების მხარდაჭერის სქემის შესაბამისად ჩატარებული სიმძლავრის აუქციონის შედეგები დაამტკიცა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებული 27 პროექტიდან, 10 – მზის ელექტროსადგურის, ორი – ქარის, დანარჩენი 15 კი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი აუქციონი 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული, მაგრამ მთავრობა ასევე გეგმავს, ზაფხულში დამატებითი სიმძლავრის აუქციონი ჩაატაროს, რათა კერძო დეველოპერებს მიეცეთ მყარი საფასო გარანტიები ფინანსების მოსაზიდად და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.

ლევან დავითაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით ორ მლრდ დოლარზე მეტ პოტენციურ ინვესტიციაზე ენერგეტიკულ სექტორში.

ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება „გარდაბნის თბოსადგურ 3-ის“ პროექტზე, რომლის ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტურ თბოელექტროსადგურს ააშენებს. აუქციონის პირობებით, საქართველოში უდიდესი თბოელექტროსადგური ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხი წლის ვადაში უნდა აშენდეს და გაეშვას ექსპლუატაციაში.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.