ლევან დავითაშვილი - ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, არის 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი, ეს შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე
ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება, რაც, მისი თქმით, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდება ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის ინიციატორი და ავტორი იყო საქართველო. საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა პროექტი ევროკავშირში. ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ სწორედ კავშირგაბმულობა, დაკავშირებადობა, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა წამოვაყენეთ პირველ ადგილზე. პირდაპირი დაკავშირება ელექტროენერგიის გაცვლის კუთხით, ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის თანმიმდევრული გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ვაკეთებთ, მათ შორის ეკონომიკურ ნაწილში. ეს არის იგივე ჩვენი წევრობა ენერგოგაერთიანებაში და ეს ყველა ნაბიჯი საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ საქართველო ინტეგრირდება ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე. პროექტის ამ ეტაპზე, შესწავლაც საქართველოს მიერ ხორციელდება. ესეც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რადგან საქართველო ხარჯავს თანხებს პროექტირების ეტაპზე, მიდის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელსაც იტალიური კომპანია აწარმოებს. მომავალ წელს ჩვენ უნდა გვქონდეს დასრულებული პროექტი, რათა იმპლემენტაციის ეტაპზე გადავიდეთ. საქართველომ უკვე რამდენიმე მილიონი დახარჯა ამ შესწავლაში და საბოლოოდ იკვეთება, რომ პროექტი იქნება რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის საჭიროების, რადგან ეს არის ყველაზე გრძელი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი ზღვის ქვეშ, რომელიც მსოფლიოში არსებობს დღეს და აშენდება. ვფიქრობთ, წინასწარი შეფასებით, პროექტის ღირებულება შეიძლება, დაახლოებით სამი მილიარდი დოლარი იყოს. ამიტომ ჩვენ ოთხ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რადგან ამ ოთხი ქვეყნის ჩართულობა პროექტის მნიშვნელობასაც და წარმატების ალბათობასაც ზრდის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს წარმატებული, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტია.
„საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც პარტნიორი და არამხოლოდ, როგორც ბენეფიციარი ქვეყანა. ბევრი რამით ევროკავშირს გამოვადგეთ, მათ შორის, როგორც ალტერნატიული, საიმედო დამაკავშირებელი ქვეყანა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, არამხოლოდ ენერგო მიმართულებით – იქნება ეს საინფორმაციო-ტექნოლოგიები თუ ტვირთბრუნვა, თუმცა ენერგეტიკის მიმართულებით, საქართველო იყო სტაბილური პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებისთვის, იმავე ნახშირწყალბადების მიწოდების კუთხით. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის ბაქო-ჯეიჰანი. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, და ეს არ არის ხმამაღალი განცხადება, რომ ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტია, როგორც თავის დროზე ბაქო-ჯეიჰანი იყო. ვფიქრობ, ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან პირდაპირი დაკავშირების შემთხვევაში, საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები ინვესტორებისთვის მიმზიდველები გახდება. ჩვენ მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ, მეტ დასაქმებას შევქმნით და, საბოლოო ჯამში, მეტი სიკეთე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო.