პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრაში, რომლის დროსაც ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე ტენდენციები განიხილეს, დარგობრივი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე გამოცხადდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადებული სიმძლავრის მეორე აუქციონის პირველადი შედეგები, მათ შორის, მედიანური ტარიფი.
რიგით მეორე სიმძლავრის აუქციონი 800 მგვტ ჯამური სიმძლავრით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რაც პირველი აუქციონის ოდენობას თითქმის სამჯერ აღემატება. განაცხადების მიღება 2024 წლის 12 თებერვალს დასრულდა.
აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის:
ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ.;
ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.;
ქარის ელექტროსადგურები – 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.;
ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ.;
მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ.;
სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები – 10 მგვტ.
აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით – 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.
„ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისება საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია. მეორე აუქციონის გამოცხადება ახალი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, რომ მათ კაპიტალი საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში განახორციელონ და ამით ხელი შეუწყონ როგორც დარგის, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მიმისტრმა.
სიმძლავრის პირველი აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. ამ დროისათვის გამოვლენილია 27 გამარჯვებული პროექტი, რომლებიც ენერგეტიკულ პროექტებში 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ. ამჯერად აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.