ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური ზრდა არ არის მხოლოდ ომის ფაქტორით განპირობებული, დიდწილად ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ატარებს
როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ომის ფაქტორით განპირობებული. დიდწილად, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა წლების განმავლობაში ატარებს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4-7%-ის ფარგლებშია, მაგრამ, ამავე პროგნოზით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკაა რეგიონში და ევროპაში, თუმცა საქართველოსთვის ეს მისაღები არ არის.
„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ ამ სიტყვას, რომ გავხდეთ მდიდარი ქვეყანა. მდიდარი ქვეყანა შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც აქვს სოციალური, უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვადასხვა მიმართულებით. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა, ქვეყანა იყოს ეკონომიკურად უფრო ძლიერი და ამისთვის გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება. ეს მარტივად მისაღწევი არ არის, მაგრამ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. სხვადასხვა ინიციატივით უნდა შევძლოთ ეკონომიკის დამატებითი სტიმულირება და ზუსტად ეს გვაქვს გეგმაში. მათ შორის, გაზრდილი ინფრასტრუქტურული დანახარჯებით, ე.წ. ფლაგმან, ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსირებით ჩვენ უნდა შევძლოთ ეკონომიკის დამატებითი ზრდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჰესების და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მართალია, კერძო სექტორი საკმაოდ ეფექტიანია, რასაც ეკონომიკის გამოცდილება აჩვენებს, თუმცა სახელმწიფოს სწორი გადაწყვეტილებები ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესებს უკეთესად პასუხობს და სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა ამა თუ იმ სფეროს განვითარებას ხელს უწყობს.
„ასეც არის გადაწყვეტილი და ჩვენი მიდგომებიც ასეთია – სადაც საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა და პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. ამის არ უნდა შეგვეშინდეს და ეს გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, დავითაშვილმა განაცხადა, რომ პროექტების განხორციელება წელს იწყება, მაგრამ უშუალო ხარჯები წლის მეორე ნახევარში დაიწყება და იმავე ანაკლიის პორტზე ან მსხვილ ჰესებზე მიმდინარე წელს არ მოხდება ძირითადი კაპიტალური დანახარჯები.
„ეს გადავა უფრო 2024 წლისთვის, მაგრამ ვფიქრობთ, 2023 წლის შედეგები იქნება საკმარისად კარგი, რათა შევძლოთ მეტი რესურსის მობილიზება ამ პროექტების დასასრულებლად შემდგომ წლებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომელ სფეროებში შეიქმნა 220 000 სამუშაო ადგილი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ 220 000 ადამიანი, ძირითადად, კერძო სექტორში დასაქმდა.
„2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე – 15%-ზე დავიდა, თუმცა მაინც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სტრუქტურული უმუშევრობა და ის შეუსაბამობა, რომელიც სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორისაა, როგორც სექტორული, ისე გეოგრაფიული კუთხით. რაც შეეხება სფეროებს, სადაც დასაქმება გაიზარდა, ეს არის თანხვედრაში და პირდაპირ უკავშირდება იმ სტრუქტურას, რომელი სტრუქტურისგანაც შედგებოდა ჩვენი ეკონომიკა და ეკონომიკური ზრდა 2022 წელს. ეს არის მომსახურების, ვაჭრობის, მშენებლობის სფერო და ტურიზმი, რომელიც მნიშვნელოვანი დამსაქმებელი იყო და არის. მისი ეფექტი ისიც არის, რომ საკმაოდ ინკლუზიურია, წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა რეგიონში და მოსახლეობის ძალიან ბევრ კატეგორიასა და ფენას ასაქმებს. ასე რომ, ეკონომიკურ ზრდას მოჰყვა დასაქმების ზრდა. ეს 220 000 ადამიანი, ძირითადად, კერძო სექტორში იყო დასაქმებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.