ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური წინსვლა ერთადერთი გზაა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები, 2023 წელი ეკონომიკური აქტივობის კუთხით გამორჩეული იყო
ეკონომიკური წინსვლა არის ერთადერთი გზა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები. ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირშია ყველა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს უკავშირდება სოციალურ დაცვას, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, 2023 წელი გამოირჩეოდა ეკონომიკური აქტივობის კუთხით.
„ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მიმდინარე წელსაც შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი 10 თვის მონაცემებით, 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7 პროცენტთან ახლოს იქნება წლიური შედეგები, რაც ასევე ძალიან მაღალია და საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო ფართო რეგიონში. პროგნოზების მიხედვითაც, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უნდა იზრდებოდეს ყველაზე სწრაფად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტზე მაღალი უნდა იყოს. ჩვენს ბიუჯეტს შესაბამისად კონსერვატორულად ვგეგმავთ ხოლმე და მომავალი წლის ბიუჯეტიც 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მოლოდინია, ეკონომიკური ზრდა შეიძლება, კიდევ უფრო მაღალი იყოს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ შარშან გვქონდა რეკორდულად მაღალი ინვესტიციები, იყო 2 მლრდ დოლარზე მეტი, წელსაც საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინარჩუნა ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.
„მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყოს ხარისხიანი და ჩვენთან შემოდიოდნენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ გადამდები ეფექტი ამა თუ იმ დარგის განვითარების კუთხით. რომელიმე დარგს თუ გამოვარჩევდით, ალბათ ამ კუთხით მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ IT-ის სექტორი ყალიბდება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ახალი სექტორია, რომელიც ადრე მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში არ ასრულებდა, მაგრამ ჩვენ უკვე IT მომსახურების ექსპორტიდან შემოსავლები ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მივიღეთ და დინამიურად განვითარებადი დარგია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივები გეგმაზომიერად ვითარდება.
„ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც შეუძლია, ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამა თუ იმ დარგის განვითარების კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მნიშვნელობის პროექტი, მაგალითად, როგორიც არის ანაკლიის პორტი, რომელიც მთლიანად დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. იცით საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტიც, რომელზეც ასევე აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა დავითასვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველოში ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვანი ნდობა აქვს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვქონდეს, უმნიშვნელოვანესია, ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილური ვითარება. პოლიტიკურად სტაბილური ვითარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაში შედეგებზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც წარმატებით უნდა განხორციელდეს. ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ აჩვენა მოსახლეობას და მათ შორის ბიზნესსაც, რომ გვაქვს პროგნოზირებადი გარემო ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც. პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რათა ბიზნესი იყოს აქტიური და ახორციელებდეს ინვესტიციებს. ვფიქრობ, დღეს საქართველოში ბიზნეს სექტორს აქვს მნიშვნელოვანი ნდობა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, „დღეს ჩვენ გვაქვს უმუშევრობა მინიმალურ დონეზე, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ მიღწევებზე, შედეგებსა და პროგრესზე, ხშირად ისმის კითხვა, რამდენად ვართ ჩვენ კმაყოფილი ამ ყველაფრით“.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აქტიური პოლიტიკა. მომავალზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ეს სტაბილური გარემო, პროგნოზირებადობა უმნიშვნელოვანესი მესიჯებია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.