ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური აქტივობის მაღალი დონე დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის შემცირებაზე აისახა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ზრდაზე. მისი ინფორმაციით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება – უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.
„როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის) ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელსაც. 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 50.9 ათასით, ხოლო მეორე კვარტალში 35.5 ათასით გაიზარდა“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
აღნიშნულ თემაზე ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე მოხსენების დროს ისაუბრა. მისი განცხადებით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც.
„2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 102.0 პროცენტით გაიზარდა და 922.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით, ზრდა 62.5 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5 პროცენტს გაუტოლდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს, რომელიც, მისი თქმით, გაძლიერდა 2022 წელს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე (პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით) 94.6 პროცენტი იყო, ხოლო შემოსავლებმა 2,141.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისსა და აგვისტოში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა, როცა იყო ტურიზმის შემოსავლების რეკორდული წელი.
„სექტემბრის მონაცემებიც დამაიმედებელია და ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლები მინიმუმ 2019 წელს ანუ ჩვენს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლებს გაუტოლდება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე აღნიშნა 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. მისი ინფორმაციით, ამ მაჩვენებელმა 17.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20 პროცენტით მეტია.