ლევან დავითაშვილი - ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო, ის ჩვენი გუნდის ნაწილად რჩება და აგრძელებს პარტიაში მუშაობას
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძე მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე წელი მუშაობდა წარმატებით.
„მას განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, რადგან პანდემია არის გამოწვევა, როგორც მთავრობის ყველა წვერისა და ქვეყნისთვის, ასევე განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის და ხელმძღვანელისთვის. თუმცა ქალბატონმა ეკამ ასევე თქვა, რომ ის ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილად რჩება, ის აგრძელებს პარტიაში მოღვაწეობას, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენ ვართ შეკრული, ერთიანი გუნდი და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ეს ერთიანობა. რაც შეეხება კაბინეტში ცვლილებებს, ცვლილებები მუდმივად ხდება, სულ ხდება განახლება, მათ შორის პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ეს იყო ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება. თავად მან გააკეთა ამაზე განცხადება, დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, ისევ მას შეიძლება კითხოთ უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.