საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პირველ ვიცე-პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს შეხვდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, ამავე საფინანსო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსი და სხვა ოფიციალური პირები.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე საქართველოში. ხაზი გაესვა EBRD-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბანკის ფინანსურმა კონტრიბუციამ საქართველოში დაახლოებით ხუთი მლრდ ევრო შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი (82 პროცენტი) კერძო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტებზე და სხვა.
შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დასასრულ, ვიცე-პრემიერმა EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26-27 ოქტომბერს გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.