ლევან დავითაშვილი - ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა როცა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია, იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, ასეთ წარმოებებს შევუწყობთ ხელს
ლევან დავითაშვილი - ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა როცა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია, იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, ასეთ წარმოებებს შევუწყობთ ხელს

როდესაც ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გვიწევს, სასურსათო სექტორს შეუძლია, ჩაანაცვლოს და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან სასურსათო სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთ წარმოებას ხელს შევუწყობთ და იმედი მაქვს, რომ ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რა ზომები გატარდება, რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების წახალისება, რომელ წარმოებებზე გაკეთდება განსაკუთრებული აქცენტი და რა შეღავათებით ისარგებლებენ ისინი.

მინისტრის თქმით, მმართველი გუნდისთვის ქართული წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის იყო განსაკუთრებული პრიორიტეტი.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართული წარმოების მხარდაჭერა ყოველთვის იყო განსაკუთრებული პრიორიტეტი. შეგიძლიათ, ქრონოლოგიურად მიჰყვეთ ჩვენს ამ პროექტებს, ან განცხადებებს, ან სტრატეგიულ გეგმებსა ან პოლიტიკას, რომელიც უკავშირდებოდა ყოველთვის თვითუზრუნველყოფის ზრდას და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. ყველა ის პროგრამა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს, ზუსტად ამისკენ იყო მიმართული. მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი გახარიას ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის შესაბამისად ჩვენ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გვექნება, ამ შემთხევაში შეიძლება ნაკლებად კონკურენტუნარიანი წარმოებების მხარდაჭერაზეც კი, რადგან ვხედავთ, რომ ეკონომიკური გარემო მსოფლიოში შეცვლილია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად, ძალიან ბევრი ქართული პროდუქტი და ქართული ეტიკეტი გამოჩნდა დახლებზე.

„რამდენიმე დღის წინ მედიის საშუალებით გავრცელდა, მათ სორის გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანალიზი და გაერო თვითონ ორგანიზაცია მთლიანად მოუწოდებდა ცალკეულ ქვეყნებს, რომ არ შემოეღოთ სავაჭრო შეზღუდვები, რომ სასურსათო ჯაჭვის უწყვეტობა ყოფილიყო შენარჩუნებული, მაგრამ ჩვენ ამ პირობებში ვერ დაველოდებით რა თქმა უნდა ამ ქვეყნების კეთილ ნებას და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკა იყო ლიბერალური და გახსნილი სავაჭრო რეჟიმები, ჩვენ ამავე დროს ვზრუნავთ ჩვენი წარმოების განვითარებაზე, განსხვავებით, მე ვიტყოდი ბევრი იმ კრიტიკოსი თუ ოპოზიციონერისგან, რომლებიც აბსოლუტურად სხვანაირ პრიორიტეტებს ირჩევდა. დღეს, როდესაც ისინი კრიტიკულად შეიძლება სვამდნენ საკითხს, რატომ ამ ქვეყანაში არ არის ესა თუ ის წარმოება. რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და დღეს მინდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შედეგად, ჩვენ ძალიან ბევრი ქართული პროდუქტი და ქართული ეტიკეტი შეგვიძლია ვიხილოთ დახლებზე, მაგრამ მაგალითად, „აგარის“ შაქრის ქარხანა, ისეთი წარმოებები, რომლებიც თავისუფალ რეჟიმში შეიძლება მართლაც არაკონკურენტუნარიანი იყოს, განსაკუთრებული, გარკვეული ხელშეწყობის პირობებში, რასაც დღეს სახელმწიფო ამუშავებს, ეს იქნება შეღავათიანი სატრანსპორტო რეჟიმები, ან სხვა საკრედიტო მექანიზმები, ჩვენ ინდივიდუალურად ასეთ კომპანიებთან გვაქვს ურთიერთობა, რათა მათ დღეს შეძლონ თავიანთი წარმოების გაგრძელება, თავიანთი წარმოების ან აღდგენა ან ხელახლა დაწყება, ეს უკავშირდება იგივე ისეთი პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოებას, როგორიც არის მაკარონი და სხვა რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში შეიძლება ვერ იყოს მართლაც კონკურენტუნარიანი.

არსებობს პირდაპირი კომუნიკაცია ასეთ მწარმოებლებთან, ეკონომიკის სამინისტრო არის ძალიან ინტენსიურად კომუნიკაციაში ჩართული, ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება მწარმოებლებს, რათა მათ მივცეთ განსაკუთრებული პირობები და შეძლონ წარმოების განვითარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია დასაქმება.

როდესაც ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა გვიწევს, ამ შემთხვევაში სასურსათო სექტორს შეუძლია ჩაანაცვლოს და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი, რადგან სასურსათო სექტორის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ ასეთ წარმოებას მართლა შევუწყობთ ხელს და იმედი მაქვს, რომ ქართული წარმოებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლებს იმპორტს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.