ლევან დავითაშვილი - დიალოგის, კონსტრუქციული მსჯელობის შემთხვევაში, ნებისმიერ კანონში შედის ცვლილებები, სამწუხაროდ, აქამდე ასეთი პროცესი ვერ ვიხილეთ, საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზად იყო და დღესაც მზადაა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით არგუმენტირებული შენიშვნები მოისმინოს.
დავითაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ღია იყო დიალოგისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, კანონპროექტზე მსჯელობა კონსტრუქციულ ფორმატში არ წარიმართა.
„რაც შეეხება კანონთან დაკავშირებულ პროცესებს, სამწუხაროდ, ჩვენ საწყისი პერიოდიდან დღემდე, კონსტრუქციულ დიალოგის ნაცვლად, საქმე გვქონდა მხოლოდ დესტრუქციასთან. განხილვის, დიალოგის, დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენების ფორმით ყველაფრის მიღწევა შეიძლებოდა. „არა“ არ არის არგუმენტი, არა-ს შეიძლება ჰქონდეს რაღაც არგუმენტები – ამიტომ „არა“ და ა.შ. თუ ასეთი იყო, ჩვენს ოპოზიციას შეეძლო, ეს პარლამენტის ფორმატში დაეფიქსირებინა. ასევე, არაერთხელ იყო გაცხადებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელების მხრიდანაც, რომ მმართველი გუნდი არის ღია დიალოგისთვის, მათ შორის საჯარო დიალოგისთვის. აქაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვქონდა დიალოგი, არ მოგვისმენია არგუმენტები იმისთვის, რომ რამე შეგვეცვალა ან გაგვეუმჯობესებინა. საბოლოოდ იყო საუბარი, რომ ვეტოს ფორმატი თავისი იურიდიული შინაარსით ითვალისწინებს კონკრეტულ კომენტარებს, რეკომენდაციებს, მოსაზრებებს, რომლებიც შეიძლება ასახული ყოფილიყო საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და ამაზე მზაობაც არაერთხელ დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ეს მომენტიც არ იყო გამოყენებული. ასე რომ, თუ იქნება დიალოგი, კონსტრუქციული მსჯელობა, ნებისმიერ კანონში შედის ცვლილებები, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პროცესი წარიმართა, მაგრამ აქამდე, სამწუხაროდ, ასეთი პროცესი ვერ ვიხილეთ. სამწუხაროდ, ეს პროცესი აქამდე ასე არ წარიმართა, ჩვენ არ მოგვისმენია არაფერი, თუმცა ნებისმიერი კანონი შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ვიყავით მზად, რომ მოგვესმინა არგუმენტირებული შენიშვნები, კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მზადყოფნა არსებობს საქართველოს ხელისუფლებაში, რაზეც საუბრობს საქართველოს პრემიერიც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამავდროულად, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მინისტრის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაციის მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ფაქტები მეტყველებს.
„ჩვენ გვექნება დიალოგი, ვისაუბრებთ ბევრ საკითხზე, ბევრ საკითხზე შევთანხმდებით კიდეც, ბევრი პროგრესიც გვექნება ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის პოლიტიკური დაახლოების კუთხით, იმ პოლიტიკის გატარების კუთხით, რომელიც დასმულია ორი მხარის დღის წესრიგში. ჩვენ ძირითად პრიორიტეტებს, რომლებზეც საუბარი ჰქონდა ევროკომისიას, ვასრულებთ, ამაზე მუშაობა არ ჩერდება, ამიტომ ჩვენთვის ევროინტეგრაციის მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი. ეს პრიორიტეტი არანაირად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა მისკომუნიკაციის, მიზანმიმართული მცდელობა, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას პრიორიტეტები აქვს შეცვლილი, ეს ასე არ არის. პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ და მუშაობს ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა სამინისტრო, რათა შესრულდეს ის ამოცანები, რომლებიც გათვალისწინებული იყო დაახლოების პროცესში. ასე რომ, ფაქტები მეტყველებს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საკანონმდებლო პოლიტიკური კუთხით ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს და ინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.