ლევან დავითაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე, აგრეთვე ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც დანიის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობა სხვადასხვა რეგიონულ ფორმატში.
ხაზი გაესვა დანიის სამეფოს მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი წარიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, განახლებადი ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი და სხვ.
დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ 2023 წლის ბოლოდან ამოქმედდება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, რაც დადებითად აისახება ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებზე. განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით. აღინიშნა, რომ დიდია დაინტერესება, რათა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.
ქართულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებიც ამ გამოწვევის წარმატებით დაძლევისკენაა მიმართული, მათ შორისაა, ფოთის ნავსადგურის გაფართოება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა განახლებად ენერგეტიკაზე. დადებითად შეფასდა რეგიონული პროექტი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემებს შავი ზღვის ენერგოკაბელის მეშვეობით ევროკავშირისას დააკავშირებს.
მხარეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით. დასასრულ, მხარეებმა გამოკვეთეს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში დანიის საელჩოს გახსნა დადებით გავლენას მოახდენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.