ლევან დავითაშვილი - ციხისძირში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობაზე 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, ინვესტიცია კი 80 მლნ აშშ დოლარს შეადგენს
აჭარის რეგიონში, ციხისძირში, Petra Sea Resort-ში Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო.
ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აგრეთვე პროექტის პარტნიორი საერთაშორისო ტურისტული ბრენდების, Accor ჯგუფისა და მასში შემავალი ბრენდის, Pullman-ის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება, არის მაღალი სტანდარტის. სწორედ ასე წარმოგვიდგენია მომავალ წლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამბიციურ გეგმაზე როდესაც ვსაუბრობთ, თუ როგორ გაიზრდება ტურიზმი 2028 წლისთვის საქართველოში, როდესაც ვსაუბრობთ ახალ საწოლ ფონდებზე, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ეს იქნება მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სტუმრები მოვიზიდოთ ქვეყანაში. გეგმები, რომლებიც საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა საზოგადოებას, არის არა ვირტუალური დაპირება, არამედ გამყარებულია ისეთი პროექტებით, როგორიცაა Pullman-ის პროექტი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში.
მისი თქმით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და რეზიდენციების პროექტი 2028 წლის ბოლოსთვის სრული მასშტაბით ფუნქციონირებას შეძლებს. უშუალოდ მშენებლობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი 250 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი დაჯდება. მისი ამოქმედების შემდეგ საქართველოს ტურიზმს ახალი მაღალი ხარისხის საწოლ-ფონდი შეემატება. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ახალი სასტუმრო კომპლექსები და, რაც მთავარია, მაღალი ხარისხის ტურისტული ინფრასტრუქტურა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში უფრო მაღალმსყიდველობით უნარის მქონე ტურისტების შემოყვანას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული პროექტი მდგრადად განვითარდეს. მან ასევე დააანონსა სატრანსპორტო პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში მგზავრთა საზღვაო გადაყვანის აღდგენას ითვალისწინებს. ამ მიზნით, სასტუმრო კომპლექსის სიახლოვეს ნავმისადგომისა და იახტკლუბის მშენებლობაა დაგეგმილი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.