ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების ფართო ჩართულობით მიგვეღო, თუმცა ეს სტანდარტი უფრო უნდა გავზარდოთ, პრემიერის მოწოდებაც ასეთია
ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საზოგადოების ფართო ჩართულობით მიგვეღო, თუმცა ეს სტანდარტი უფრო უნდა გავზარდოთ, პრემიერის მოწოდებაც ასეთია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყებისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამა თუ იმ სექტორს უკავშირდებოდა, ყოფილიყო შეჯერებული სექტორის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებები მიღებულიყო საზოგადოების ფართო ჩართულობით.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეს სტანდარტი კიდევ უფრო უნდა გაზარდონ.

„პრემიერ-მინისტრის მოწოდებაც ასეთია და, ვფიქრობ, ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში. იცით, რომ სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი ინიციატივა უკავშირდებოდა მარეგულირებელი დოკუმენტების შეფასებას ბიზნესზე. ეს პრაქტიკა ქვეყანაში ჩვენმა ხელისუფლებამ დანერგა, თუმცა ახლა ავტომატურ რეჟიმში, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში იქნება გამოყენებული, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები ბიზნესზე დადებითად აისახოს, წინასწარ განვჭვრიტოთ ის შედეგები და ეფექტი, რომელიც ექნება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამა თუ იმ დარგში და, ზოგადად, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. ასე რომ, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის მოწოდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, ბიზნესისთვის ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ სხვადასხვა სამინისტროს შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და დარგში ჩართული მხარეებისთვის. ასე რომ, ეს მხოლოდ მისასალმებელია და ჩვენ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით გვექნება მუშა პროცესი დარგის წარმომადგენლებთან ერთად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას: „პრემიერმა თქვა, რომ გამჭვირვალედ მიიღება გადაწყვეტილებები. ასობით სახელმწიფო ქონება არის პრივატიზებული ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. არავინ იცის, ვის, რატომ და როგორ გადაუფორდა. რა იცვლება ამ მიმართულებით? გახდება თუ არა მეტად საჯარო, გავიგებთ თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებებს?“, – დავითაშვილმა უპასუხა: „გიდასტურებთ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ. ეს იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება და თქვენ ამ ინფორმაციას მიიღებთ ხოლმე. მეორე ნაწილში არ დაგეთანხმებით, არავის არაფერი არ უფორმდება ხოლმე, უბრალოდ, მთვრობა იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების განკარგვის ან განკარგვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან და ქვეყნის ინტერესებიდან.  ეს მომენტი, მოდით, დავაკონკრეტოთ. რაც შეეხება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, დიახ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, თქვენ სრულად გექნებათ ინფორმაცია“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში დღეს პირველი სხდომა გამართა. ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ყველა თემაზე გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე.