ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის სტრატეგიულ ამოცანად რჩება ევროპასთან ინტეგრაცია, საქართველო ძალას არ დაიშურებს, რათა გახდეს სრულფასოვანი წევრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია გაწერილი.
როგორც დავითაშვილი ამბობს, ამისთვის ხელისუფლება მზად არის.
„ვიქნები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი, ბუნებრივია, საქართველოში იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება და გულისწყვეტა, ამავე დროს უსამართლობის განცდაც, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია და ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მთავრობის და მთელი ერის პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს სრული მობილიზება, რათა პირობები, რომლებიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს და შემდეგ საქართველომ მიიღო, შევასრულოთ უმოკლეს ხანში. სრული მზადყოფნა, მობილიზებაა საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მხრიდან, რათა საქართველომ უმოკლეს ხანში გაატაროს პოლიტიკური რეფორმები. ჩვენთვის უმოკლეს სტრატეგიულ-პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ევროპასთან შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.