ლევან დავითაშვილი - ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, ხელმისაწვდომ პირობებში დაუჭიროს მხარი ეროვნულ ნაკრებს, ეს ამოცანა ლოგიკურია და უნდა შესრულდეს მაქსიმალურად ეფექტიანად
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, გერმანიაში „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების პირველ თამაშს ხელმისაწვდომ პირობებში დაესწრონ.
მინისტრი აცხადებს, რომ პრემიერ კობახიძის დავალება მიმდინარე კვირაში დამუშავდება და საზოგადოების გახდება ცნობილი.
„დღეს მივიღეთ დავალება პრემიერ-მინისტრისგან და ჩვენი უწყებები უკვე მუშაობენ. ვერ გეტყვით, როგორი იქნება ფორმა ამ მხარდაჭერის, თუმცა ამოცანა გასაგებია და ეს ამოცანა ძალიან ლოგიკურია. ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ხელმისაწვდომ პირობებში მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს, რასაც დიდხანს ველოდებოდით. ეს დავალება უნდა შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტიანად, ხოლო როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, ამაზე მოგვიწევს რამდენიმე დღე მუშაობა. ამ კვირის განმავლობაში დავამუშავებთ პრემიერის დავალების შესაბამისად საკითხს და საზოგადოებისათვის ცნობილი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, დაიწყოს მუშაობა დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და დაბალი ტარიფით.
26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისს იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი პირველ თამაშს დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.