ჩვენი თვითმიზანი არ არის, ქართულ ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი გაიზარდოს. ჩვენ გვინდა, ეკონომიკა იზრდებოდეს ძალიან სწრაფად – ერთი მხრივ, იზრდებოდეს სოფლის მეურნეობის გამოშვება და მეორე მხრივ, დამატებითი ღირებულება, რომელიც სოფელში იქმნება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის წილის ზრდა ეკონომიკაში ნიშნავს, რომ ეკონომიკა დგას ან უკან მიდის და არ ვითარდება, რაც არ არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების თვითმიზანი.
„ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა თანაბარწილად იზრდებოდეს და ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სოფლის მეურნეობაში იზრდება პროდუქტიულობა. როდესაც სოფლის მეურნეობის ზრდაზე ან ეფექტიანობაზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში, ზედაპირული ანალიზი კეთდება ან ანალიზი არ კეთდება და დილეტანტურია შეფასებები. მნიშვნელოვანია სტრუქტურა გავითავისოთ და გავაცნობიეროთ. პროდუქტიულობა იზრდება, დაახლოებით 900 000 დასაქმებულიდან სოფლის მეურნეობაში 600 000 დასაქმებულზეა ჩამოსული 2000 წლიდან 2020 წლამდე 20 წლის ტენდენცია. ეს ბუნებრივი ტენდენციაა, რადგან სოფლის მეურნეობის დასაქმება – ეს არის წყარო სხვა სერვისების, სხვა დარგების დასაქმების. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ვერ იქნებოდა, თუ დასაქმებულთა დიდი არმია სოფლის მეურნეობიდან სხვა სექტორებში არ გადავიდოდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ ინვესტიციებზე საუბრისას რიცხვები აღრეულია, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიც სოფლის მეურნეობის ინვესტიციებად არის ხოლმე მიჩნეული.
„სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი არის ბევრი სერვისი, საჯარო სერვისი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის არა მხოლოდ ჩვენი დარგების, აგროსასურსათო სექტორისთვის, არამედ სხვა დარგების ფუნქციონირებისთვის. მაგალითისთვის, როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმზე, აქ ვსაუბრობთ სარესტორნო ბიზნესზეც და მომსახურების სექტორზეც. მომსახურების სექტორი ვერ იარსებებდა, თუ არ იქნებოდა სურსათის უვნებლობის სტანდარტის შენარჩუნება, დაცვა და ამაზე მონიტორინგი და კონტროლი. ამას აკეთებს სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელიც ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში. პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად ჩვენი პოლიტიკა აუცილებელი ინსტრუმენტია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა მუდმივი კლება 2004-2005 წლებიდან დაწყებული 2012 წლამდე. შეგიძლიათ, სტატისტიკას გადახედოთ, როგორ მცირდებოდა სოფლის მეურნეობა, როგორ მცირდებოდა მათ შორის ეკონომიკასთან მიმართებაშიც, რადგან ეკონომიკა იზრდებოდა. გვახსოვს, როგორ შემოვატრიალეთ 2012 წლიდან სოფლის მეურნეობა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლიანი მიდგომა, რადგან ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. ეს არ არის ის სოფლის მეურნეობა – კომერციალიზაციაზე, ინდუსტრიალიზაციაზე და მსხვილ მეურნეობებზე, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, სოციალური ელემენტი, სოციალური ფაქტორი ჩვენი საზოგადოების. სამწუხაროდ თუ საკეთილდღეოდ, ეს არის მოცემულობა თუ მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხდა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია არსებული რეალობა და ის, თუ როგორ არის შესაძლებელი სასურველ რეალობამდე მისვლა.
„ჩვენ მიერ წარდგენილი მხარდაჭერის პაკეტი ნამდვილად მოგვცემს შედეგს, ნამდვილად არის აუცილებელი და პასუხისმგებლიანი ღონისძიება. ეს არის ზრუნვა ფერმერზე. ჩვენ შემოგვაქვს ახალი კატეგორია – ფერმერი, რომელიც არც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი განმარტებით, ფერმერთა რეესტრის წარმოება რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
„განისაზღვრა – ფერმერი, ადამიანი, რომელიც კონკრეტული მიზნით, პროდუქტის რეალიზების მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ეს არის უკვე მნიშვნელოვანი პროფესიული ელემენტის წარმოშობა ამ კატეგორიაში, ანუ ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ხდებიან ფერმერები. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური დახმარების, სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია. ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიულ კატეგორიას. ეს ადამიანები უკვე ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, გაცხადებული. ისინი არიან სახელმწიფოსთან კომუნიკაციის რეჟიმში, ისინი ფერმერთა რეესტრის ნაწილი ხდებიან და ეს არის წინაპირობები, რომ იღებენ გარკვეულ შეღავათებს. ვერ დამისახელებთ ვერცერთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც ასეთი, პირდაპირი დახმარება, სოფლის მეურნეობის პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა იღებს ერთ ჰექტარზე კონკრეტულ შეღავათს, თუ ის ამ პირობებს ასრულებს. ასეთივე პირობებია ევროკავშირში“, – აცხადებს დავითაშვილი.
მისი თქმით, ფერმერთა რეგისტრაციის სისტემა, რომელიც საქართველოში დაინერგა, მათ შორის ელექტრონული პროგრამა, ევროკავშირთან შეთანხმებულია და ევროკავშირში საკმაოდ კარგადაა ადაპტირებული.
„ეს არის გზა, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა და საკმაოდ დიდი გზა წარმატებისკენ. იმისკენ, რომ მეტი კეთილდღეობა გვქონდეს სოფლად და უფრო მეტად წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.