ლევან დავითაშვილი - ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია ათამდე ფრენა ყოველდღიურად ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან
ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან“ პირდაპირი ფრენების ზრდაზე და სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. მივიღეთ შეთანხმება, რომ მალე ჩინეთთან დღეში, მინიმუმ, ერთი ფრენა გვექნება, მაგრამ ჩვენი ამბიცია უფრო მეტია. პირდაპირ გეტყვით, დღეში შეიძლება, ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან, რათა შევძლოთ იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც იქნება შესამჩნევი და ხელშესახებ შედეგს მოიტანს ეკონომიკური თვალსაზრისით, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე აუცილებელია ჩინეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება, რათა ტურისტული დანიშნულების ქვეყანა – საქართველო ჩინეთში გახდეს უფრო პოპულარული. ვიმუშავებთ ჩინელ პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ უფრო მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული კამპანიები გვქონდეს,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარება, რომელმაც უნდა გაზარდოს ჩინეთში საქართველოსადმი დაინტერესება, პირდაპირ უკავშირდება ფრენების საკითხსაც, რადგან, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენები ავიაკომპანიებისთვის არ იქნება კომერციულად მიმზიდველი მათზე მოთხოვნის გარეშე.
„ჩვენს სამინისტროს ბევრი ექნება სამუშაო ფრენების მოთხოვნის გენერირების მიმართულებით. პირველ ეტაპზე, გვექნება მინიმუმ ერთი რეისი დღეში, კვირაში შვიდი რეისი. ეს იქნება სამმხრივი ფრენა – პეკინი – ურუმჩი – თბილისი. საბოლოოდ, გვინდა, რომ პირდაპირი დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.