ლევან დავითაშვილი - ჩვენი ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო პარტნიორი, პრიორიტეტად დავსახეთ, ვყოფილიყავით მიმზიდველი და შეგვექმნა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის
ყველა ქვეყანა ცდილობს, განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა. სწორედ ეს არის გზა, რასაც საქართველო მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში განაცხადა, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მიმდინარეობს.
ლევან დავითაშვილის თქმით, დროთა განმავლობაში საქართველო გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო პარტნიორი ქვეყანა.
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ ფორუმი მუდმივად ემსახურება საერთაშორისო საზოგადოებას და ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს მაღალი დონის პოლიტიკოსებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და საზოგადოების გავლენიან ლიდერებს შორის. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე მისიას. ერთად უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობები და გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგანან. ღრმად მწამს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, მოვიფიქროთ ეფექტიანი გადაწყვეტები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს რეგიონს, ისე გლობალურ ეკონომიკას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აქ წარმოდგენილი თითოეული ქვეყანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის განვითარებაში, არამედ ისინი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თავიანთი მეზობელი ქვეყნების კეთილდღეობასა და წინსვლაზე შუა დერეფნის გასწვრივ. ამ კუთხით თანამშრომლობა, კოლაბორაცია ჩვენს ქვეყნებსა და ბიზნესსაზოგადოებას შორის არასოდეს ყოფილა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე არის ახლა, ამ ეტაპზე. ყველა ქვეყანა ცდილობს, განავითაროს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი და ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ეკონომიკა. სწორედ ეს არის გზა, რასაც საქართველო მიჰყვება.
დროთა განმავლობაში ჩვენი ქვეყანა გახდა სტაბილური, უსაფრთხო, სანდო პარტნიორი. ჩვენი დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია კარგად შემუშავებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის, მთელი რიგი სტრატეგიული რეფორმებისა და ჩვენი ამბიციების შედეგია, რაც გულისხმობდა საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს დაახლოებას ევროკავშირთან.
ჩვენ ამ გზაზე პრიორიტეტად დავსახეთ, ვყოფილიყავით მიმზიდველი და შეგვექმნა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის. დღეს უკვე საქართველო მერვე ადგილს იკავებს ყველაზე ნაკლებად შემზღუდავი FDI ქვეყნების ინდექსში, თუმცა ვაღიარებთ, რომ რეფორმები არ არის ჩვენი საბოლოო დანიშნულების წერტილი, არამედ ჩვენ განვაგრძობთ პროცესს.
ასევე, გვინდა, რომ დავხვეწოთ საკანონმდებლო ბაზა, რათა საინვესტიციო კანონი უკეთესად იქნას შემუშავებული და ხელი შევუწყოთ როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ინვესტიციებს. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, ასევე ავამაღლოთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და დავამყაროთ მეტი კავშირი ევროკავშირთან. სწორედ ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქართველო არის ადგილი ინვესტიციებისთვის, როგორც დანიშნულების ადგილი, სადაც დაბალი ხარჯები თანხვედრაშია შემცირებულ რისკებთან. ასევე არის ძალიან კარგი ბიზნესკლიმატი, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობა და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა.
ბლუმბერგის 2022 წლის ყოველწლიურმა გლობალურმა კვლევამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო დანიშნულების ადგილი, რომელიც წამყვან გლობალურ ეკონომიკებს შორის მე-13 ადგილზეა ინვესტიციების თვალსაზრისით. ციფრები ამას ნამდვილად ადასტურებენ და ჩვენ გასულ წელს დავინახეთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა რეკორდულ მაჩვენებელზე იყო – ორ მლრდ დოლარი. ასევე, ჩვენი ექსპორტი გაიზარდა თითქმის 32 პროცენტით და დაახლოებით ექვსი მლრდ დოლარი შეადგინა. იმედი გვაქვს, 2023 წელს კიდევ იქნება რეკორდულად მაღალი უცხოური ინვესტიციები ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობა, ენერგეტიკა, წარმოება. ასევე, ზოგადად, განვიხილავთ სხვა სექტორებში მუშაობას, მაგალითად, ტურიზმის სექტორი თავისი ტრაექტორიით მოწმობს, რომ საქართველო მიმზიდველი რჩება გლობალური ტურიზმისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.