ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში საწვავის ფასები კიდევ დაიკლებს.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი და მონიტორინგის პროცესის შესაბამისად, მას საინტერესო მიგნებები აქვს.
„კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი. კონკურენციის სააგენტოს აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იყო გაზიარებული. შეხვედრა გვქონდა და დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, ფასების ზრდის ეფექტი არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს იყო რამდენიმეკვირიანი. საწვავის საცალო ფასები რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეგრეთ წოდებულ ტაბლოებზე, მაჩვენებლებზე, მანიშნებლებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. ამიტომ პრემიერის დავალებით, მე და ეკონომიკურ გუნდს კონკურენციის სააგენტოსთან ერთად გვექნება უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ, რათა ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან, შესაბამისად, მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელებიც არ მგონია, ამ შემთხვევაში, არსებობდეს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი მაინც არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით ჩვენ დღესვე გვექნება შეხვედრა ერთ ჯგუფთან. რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, გარკვეული შედეგის მომცემი იქნება, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.