ლევან დავითაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა
ლევან დავითაშვილი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა

ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 11 პროცენტს შეადგენს, რაც ჯერ კიდევ მაღალია. 400 000-მდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმაა. ჩვენთვის ეს არის უმთავრესი გამოწვევა. უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და დაძლევა, როგორც პრემიერმაც აღნიშნა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური პროგრესის ფონზე.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაახლოებით 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს და ყველაზე დიდი მიღწევა საბოლოოდ არის ეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე.

„გვქონდა წინასწარი მოლოდინი, რომ 2024 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით ორნიშნა იქნებოდა. ჩვენ ამას გარკვეული მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით ვამბობდით, მათ შორის, გახსოვთ, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი – 16 პროცენტზე მეტად. საბოლოოდ ასეც დადასტურდა. 11 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს აპრილში, რამაც საშუალება მოგვცა, რომ 2024 წლის პირველ ოთხ თვეში გვქონოდა უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ეს იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზით განსაზღვრული. ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 9 პროცენტს შეადგენს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, იმედოვნებს, საქართველო ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციას შეინარჩუნებს.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ჭრილში დაგეგმილზე მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც საშუალებას მოგვცემს, დამატებით აკუმულირებული შემოსავლები მივმართოთ იმ საჭიროებებზე, რომლებიც ქვეყანაში გვაქვს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.