ლევან დავითაშვილი - ჩვენი ფერმერები სჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ
ფერმერებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი აუცილებელია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ფერმერები გმირები არიან და მათ მხარდასაჭერად მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს.
„ჩვენი ფერმერების მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი ფერმერები სჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მას მხარი. იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაგრამ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ მივაღწიოთ პროგრესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
27 აპრილიდან ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყება მობილობის ზრდა, რაზეც დეტალურად პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. შესაბამისად, გადაადგილების მეტი საშუალებები იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები უფრო მეტად მოგვარდება“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სარეალიზაციო არხების საკითხი და მთავრობას ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა აქვს.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმადაც, ეტაპობრივად, აგრარული ბაზრები, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ ოპერირებას. ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ყველა ეს ღონისძიება სიტუაციას შეამსუბუქებს. ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს. თუმცა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს გარდაუვალი აუცილებლობიდან არის გამომდინარე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.