ლევან დავითაშვილი - ჩვენი ამბიცია უფრო დიდია თხილთან და კაკლოვან კულტურებთან დაკავშირებით, რომ გავხდეთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში
ჩვენ ვთქვით, რომ 100 მლნ დოლარი იქნებოდა წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტი და უკვე ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, როდესაც საქართველო იკავებს იმ წამყვან პოზიციებს, რომელსაც ადრე იკავებდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, 2020 წლის თხილის სეზონი კარგი იყო და სამინისტროში იმედოვნებენ, რომ 2021 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
„თხილზე ჩვენი პროგნოზი ფაქტიურად გამართლდა. ჩვენ ვთქვით, რომ 100 მლნ დოლარი იქნებოდა ერთი მარკეტინგული წლის განმავლობაში საქართველოში წარმოებული თხილის ექსპორტი და უკვე ვუბრუნდებით იმ ნიშნულს, როდესაც საქართველო იკავებს იმ წამყვან პოზიციებს, რომელსაც ადრე იკავებდა. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმ გამოწვევების დაძლევასთან, რომელიც უკავშირდება როგორც მავნებელს, ასევე ფაროსანას, ისევე სხვა დაავადებებს და ცოდნის ამაღლებას ფერმერებში. ვფიქრობ, რომ 2021 წელსაც ფერმერები არიან მობილიზებულები, იმიტომ რომ 2020 წლის სეზონი იყო ძალიან კარგი, ფერმერებისთვის მოტივაციის მიმცემი, ვინაიდან ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შემთხვევაში, ანაზღაურება იყო ღირსეული. ჩვენი ამბიცია უფრო დიდია თხილთან და ზოგადად კაკლოვან კულტურებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავხდეთ ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი მეხილეობის მიმართულებით, მათ შორის მშრალი ხილის სექტორში, რისი მაგალითიც არის ამ კუთხით ექსპორტის მზარდი მაჩვენებლები.
„გასაკვირი არ არის, რომ საქართველოდან გასული ჩირი უფრო მეტია როგორც თანხაში, ისე რაოდენობაში, ვიდრე იმპორტირებული პროდუქციის ღირებულება, იმიტომ რომ, საქართველო ზოგადად არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი, მათ შორის მშრალი ხილის სექტორში დაიკავოს წამყვანი პოზიციები მსოფლიო ბაზრებზე. ჩვენი პოლიტიკა ზუსტად ამას ემსახურება, რომ საქართველოში მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქცია იწარმოოს, მათ შორის მეხილეობის კუთხით. რა თქმა უნდა მშრალ ხილსა და თხილეულში საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი, რასაც რამოდენიმე წელიწადში მართლაც დავიკავებთ. წელს უკვე დადებითი ტენდენციები სახეზეა. მზარდია მეხილეობის ექსპორტი, რომელიც დაახლოებით 200 მლნ დოლარს გაუტოლდა 2020 წლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ დადებითი ტენდენციები, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის როგორც გამოშვების, ისე დამატებითი ღირებულების შექმნის და ისე ექსპორტის თვალსაზრისით, გაგრძელდება. ვფიქრობ 2021 წელიც იქნება ძალიან წარმატებული წელი. საბოლოოდ წელს ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა გვქონდეს ჩვენი სავაჭრო ბალანსის ზუსტად გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე.
2020 წელს დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი ზრდაა ასევე ერთწლიან კულტურაში, მათ შორის მარცვლეულ კულტურებში. ეს პირდაპირ კავშირშია რამდენიმე ფაქტორთან და ჩვენ მოგვიწევს გაგრძელება იმ მხარდამჭერი ღონისძიებების, რომელსაც წელსაც ვატარებთ, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება. შესაძლებლობები იზრდება ჩვენი ფერმერების – ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის, ასევე მაღალტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის და რა თქმა უნდა, ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გამო. წელსაც სამინისტრო გეგმავს ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს და პროექტებს. ეს უკავშირდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების დანერგვის შესაძლებლობებს, ეს უკავშირდება მექანიზაციის ხელმისაწვდომობას და ა.შ. რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, შემნახველი და საშრობი ინფრასტრუქტურის ქონის პირობებშიც, სწორი სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ მართლაც მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება და არა მხოლოდ ეს დადებითი ტენდენციები გაგვახარებს, არამედ უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება ერთწლიანი კულტურების წარმოებაშიც“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.