ლევან დავითაშვილი - ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ტოლერანტობით, უსაფრთხოებით და ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
„ტურიზმის სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე, უსაფრთხოების საკითხებზე – ტურიზმის სექტორს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღეს საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, კონტროლდება ყველა შემომსვლელი პირი და ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ტურიზმის სექტორს ჰქონდეს შემომსვლელ ვიზიტორებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურისტული სექტორის პასუხისმგებლობაზეც.
„ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით ჩვენი ტოლერანტობით, უსაფრთხოებით და ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა არის ტურისტულად საინტერესო, როგორც რეგიონისთვის, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ვისაუბრეთ, რომ ამ მონაპოვარს სჭირდება გაფრთხილება“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.