ლევან დავითაშვილი - ჩვენ თვისებრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით, ხელისუფლებას ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს 2028 წლისთვის
დღევანდელ პრეზენტაციაში ეკონომიკას საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდა დათმობილი, რაც, ვფიქრობ, ლოგიკურია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ისეთი ქვეყნის ხილვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის, თითოეული ჩვენი მოსახლის კეთილდღეობას უზრუნველყოფს და ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრესით, რომელზეც პრემიერი საუბრობდა, ანუ ეკონომიკის განვითარებით, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
„დღევანდელ პრეზენტაციაში ნათლად გამოჩნდა, რომ ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ თვისებრივად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2012 წელთან შედარებით და ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები აქვს ხელისუფლებას 2028 წლისთვის. კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებისა და დაპირებების გარდა, პრეზენტაციაში ძალიან დეტალურადაა ახსნილი, თუ როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მიღწეული. განსხვავებით ბევრი ოპოზიციური ძალისაგან, რომლებიც უსაფუძვლო დაპირებებს იძლევიან, აქ არის ძალიან მკაფიო გეგმა წარმოდგენილი, ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში, რომელიც გამყარებულია საშუალოვადიანი ბიუჯეტის პროგრამებით“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ერთ საათში ყველაფრის ჩატევა რთული იყო, თუმცა საზოგადობას ნათელი წარმოდგენა შეექმნა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ქვეყანა 2028 წლისთვის.
ლევან დავითაშვილის თქმით, 2028 წელს საქართველო იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურულად, გაზრდილი ეკონომიკით, გაზრდილი სოციალური დახმარებებით, გაზრდილი ჯანდაცვით, გაუმჯობესებული უსაფრთხოებით და ძალიან დიდი პროგრესით საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.
„ეს ის პროგრამაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. ესაა კეთილდღეობა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.