ლევან დავითაშვილი - ჩვენ შევძელით პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა ტურიზმისა და საავიაციო სექტორის მიმართულებით
ჩვენ შევძელით პოსტპანდემიურ პერიოდში, 2022 წელს, ფაქტობრივად, პანდემიის დასრულებიდან პირველივე წელს საკმაოდ პოზიტიური დინამიკის შექმნა და ტურიზმის აღდგენა, ამავე დროს, მგზავრთა გადაყვანის ანუ საავიაციო სექტორის იმ ნაწილის, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პანდემიის გამო, ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები აღმოჩნდა, ასევე მეორე სექტორი, რომელიც პანდემიის გამო ძალიან დაზიანდა, იყო საავიაციო მიმოსვლა და საავიაციო სექტორი, მისი კომერციული ნაწილი – სამგზავრო გადაზიდვები.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისთვის ამ სექტორების აღდგენის პერსპექტივები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვაა.
„გვესმის, რომ კარგო-გადაზიდვები საკმაოდ კარგად განვითარდა, მაგრამ სამგზავრო გადაზიდვები იყო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი. ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ არის სახელმწიფოს პოლიტიკა პირდაპირ დაკავშირებული იმ შედეგებთან, რომელიც გვაქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისთვის და რა პერსპექტივები არსებობს ტურიზმის სექტორში, როგორია გეგმები და ჩვენი ხედვა დარგის განვითარების მიმართულებით. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ამ დარგის განვითარება უნდა მოხდეს კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ჩართულობით, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ინკლუზიური დარგი, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ძალიან ბევრი მონაწილე მხარეა“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ტურიზმი სწორედ ის სექტორია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და ფაქტობრივად, მოსახლეობის ყველა ფენას ეხება და რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ღონისძიება ელოდება საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023-ის სახით, სადაც ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
„ამის შესახებ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ცალკე ფორმატი გვექნება, მაგრამ წელს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული შეფასებების საშუალება გვეძლევა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.